რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა თავიანთი დანაკარგების დასაფარად უკრაინაში გადასატანი კრემატორიუმები ჩაიტანეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში შეჭრის წინ თან წასაღებად გადასატანი კრემატორიუმები მოამზადეს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის თქმით,  ეს სისტემა, შეიძლება, ბრძოლაში დაღუპულთა რაოდენობის დასაფარად გამოიყენონ. უოლესის თქმით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ რუსეთმა წარსულში ნაცადი პრაქტიკა გამოიყენოს. 

"ბრძოლის ველზე სამხედროებისთვის გადასატანი კრემატორიუმები მათ წარსულშიც გაუყოლებიათ. შიშს იწვევს. მე რომ ჯარისკაცი ვყოფილიყავი და მცოდნოდა, რომ ჩემს გენერლებს იმდენად არ სჯერათ ჩემი შესაძლებლობების, რომ ბრძოლის ველზე გადასატანი კრემატორიუმით დამყვებოდნენ, ან მშობელი რომ ვყოფილიყავი, ვისი შვილიც საბრძოლო ზონაშია და ჩემს მთავრობას აზრად მოსვლოდა, რომ დანაკარგების დასაფარად გადასატანი კრემატორიუმები გამოეყენებინა, ძალიან, ძალიან შეშფოთებული ვიქნებოდი." - თქვა უოლესმა.

გამოცემა The Telegraph-ი წერს, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს მანქანაზე დამაგრებული კრემატორიუმი, რომელსაც ერთი ადამიანის სხეულის დაწვა შეუძლია. ეს მანქანა რუსეთის სამხედრო ძალებს მიჰყვება თან და მოსალოდნელია, რომ ჯარს უკრაინაშიც შეჰყვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები