რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

ჯასტინ ტრუდო
Adrian Wyld/The Canadian Press via AP

კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო და სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

"კანადა ცალსახად გმობს რუსეთის გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ თავდასხმას სუვერენულ და დემოკრატიულ უკრაინაზე. პრეზიდენტ პუტინის მიერ საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიის, ადამიანის სიცოცხლის თავხედური უგულებელყოფა დიდი საფრთხეა მსოფლიოს უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის." - თქვა ტრუდომ.

ტრუდოს თქმით, კანადა მკაცრ სანქციებს უწესებს 58 პირსა და სუბიექტს, მათ შორის რუსეთის ელიტის წევრებსა და მათ ოჯახებს.

"სანქციებს დავუწესებთ რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებს, მათ შორის თავდაცვის, ფინანსთა და იუსტიციის მინისტრებს. ასევე დაუყოვნებლივ ვაუქმებთ რუსეთისთვის ექსპორტზე ნებართვების გაცემას და ვაუქმებთ ყველა არსებულ ნებართვას. ეს ფართო სანქციებია. მათ სერიოზული გავლენა ექნებათ რუსეთის ელიტაზე და შეზღუდება პრეზიდენტ პუტინის შესაძლებლობა, დააფინანსოს გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში." - თქვა ტრუდომ.

თავის მიმართვაში ტრუდომ პუტინის ქმედებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული სტაბილურობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე უწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ესაუბრა.

"ვუთხარი, რომ დღეს მტკიცე ნაბიჯებს გამოვაცხადებდით და მისი და უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ." - თქვა ტრუდომ.

კანადის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, უკრაინის წინააღმდეგ მტრული მოქმედება შეეწყვიტა და ქვეყნიდან ჯარები გაეყვანა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები