რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში შეჭრის გაპროტესტების გამო რუსეთში 160-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში უკრაინაზე თავდასხმის გაპროტესტების გამო 167 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას უფლებადამცველი ჯგუფი ОВД-Инфо ავრცელებს. დემონსტრანტების უმეტესობამ უკრაინასთან ომი ერთკაციანი პიკეტით გააპროტესტა.

პროტესტი რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა, მათ შორის,  მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში, ვლადივოსტოკში, ნოვოსიბირსკში, ჩელიაბინსკში, ტომსკში.
 
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოსახლეობა არასანქცირებული აქციების გამართვის შესახებ გააფრთხილა.
 
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

 

კომენტარები