რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკის ოფისი: რუსეთის ამოცანაა ხელმძღვანელობის დამხობა, მარიონეტული რეჟიმის დაყენება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის თქმით, რუსეთის მთავარ ამოცანებშია ქვეყნის ხელისუფლების დამხობა და მარიონეტული რეჟიმის დაყნება.

"რუსეთის მთავარი ამოცანებია – დაამხოს ქვეყნის ხელმძღვანელობა, შექმნას მაქსიმალური პანიკა და შეეცადოს მარიონეტული ხელისუფლების დაყენება." – თქვა პოდოლიაკმა.

მიხაილ პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებელია რუსეთი სამთავრობო კვარტალს დაესხას თავს.

უკრაინის ვიცეპრემიერმინისტრის, ირინა ვერენშუკის თქმით, ხელისუფლების ყველა ორგანო რჩება სამთავრობო კვარტალში. ხოლო ევაკუაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

"ბატონ მიხაილს და მე გვქონდა ონლაინ შეხვედრა რუს ჟურნალისტებთან, რომლებიც გვეკითხებოდნენ რისთვის არის მზად ჩვენი სახელმწიფო, როგორია ჩვენი ემოციები და რას განვიცდით. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ყველამ იცოდეს: ჩვენ აქ ვართ, ხელისუფლება აქ არის, პრეზიდენტი ადგილზეა, მთავრობა ადგილზეა, პარლამენტი ადგილზეა." – თქვა ვერენშუკმა.

უკრაინის სასაზღვრო ძალების ცნობით, რუსული ჯავშანტექნიკა კიევის ოლქში შევიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები