დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

"პუტინი სულ შეიშალა" – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაზე

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა ინგლისში, ვესტმინსტერში სამხედროებთან ვიზიტის დროს უკრაინაში არსებულ დაძაბულობაზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან მიმართებაში "სულ შეიშალა".

ბენ უოლასმა სამხედროებთან 1853-1856 წლის ყირიმის ომი გაიხსენა და თქვა, რომ მათ 1853 წელს რუსები "გააპანღურეს" და ამის გაკეთება კიდევ შეუძლიათ.

"შოტლანდიურმა გვარდიამ ყირიმში, 1853 წელს მეფე ნიკოლოზ I გააპანღურეს, ამის გაკეთება კიდევ შეგვიძლია", – თქვა უოლასმა. 

შოტლანდიური გვარდია დღესაც არსებობს და ამ პოლკში მსახურობდა თავად ბენ უოლასიც.  

1853-1856 წლის ყირიმის ომში რუსეთის იმპერია ებრძოდა ოსმალეთის იმპერიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და სარდინიის სამეფოს ალიანსს. ომი 1856 წლის პარიზის ზავით დასრულდა, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა ოსმალეთს გარკვეული ტერიტორიები დაუბრუნა, ხოლო შავ ზღვაში ყველა სახელმწიფოს აეკრძალა საბრძოლო გემებისა და გამაგრებული პორტების განთავსება. შეთანხმება მომავალში რუსეთის იმპერიამ დაარღვია. 

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ. 

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, სანქციები დაუწესეს ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VEB-ს და სამხედრო ბანკს. ასევე, "ყოვლისმომცველი სანქციები" დაწესდა რუსეთის სუვერენულ ვალზე. 

22 თებრვალს აშშ-ს გარდა რუსეთს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმაც. ევროკავშირის სანქციები რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო, დიდი ბრიტანეთის კი 5 ბანკს და სამ მილიარდერს. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს. რუსეთს სანქციებს უწესებს იაპონია და კანადაც. 

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები