დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უოლასი: ყირიმში 1853-ში რუსები გავაპანღურეთ, კიდევ შეგვიძლია ამის გაკეთება

ინგლისში, ვესტმინსტერში სამხედროებთან ვიზიტის დროს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა სამხედროებთან 1853-1856 წლის ყირიმის ომი გაიხსენა და თქვა, რომ მათ 1853 წელს რუსები "გააპანღურეს" და ამის გაკეთება კიდევ შეუძლიათ.

"შოტლანდიურმა გვარდიამ ყირიმში, 1853 წელს მეფე ნიკოლოზ I გააპანღურეს, ამის გაკეთება კიდევ შეგვიძლია", – თქვა უოლასმა. 

შოტლანდიური გვარდია დღესაც არსებობს და ამ პოლკში მსახურობდა თავად ბენ უოლასიც. 

"მეფე ნიკოლოზ I-მა იგივე შეცდომა დაუშვა, რაც პუტინმა... მას არ ჰყავდა მეგობრები და ალიანსები", – დაამატა უოლასმა. 

ასევე, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან მიმართებაში "სულმთლად შეიშალა".

1853-1856 წლის ყირიმის ომში რუსეთის იმპერია ებრძოდა ოსმალეთის იმპერიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და სარდინიის სამეფოს ალიანსს. ომი 1856 წლის პარიზის ზავით დასრულდა, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა ოსმალეთს გარკვეული ტერიტორიები დაუბრუნა, ხოლო შავ ზღვაში ყველა სახელმწიფოს აეკრძალა საბრძოლო გემებისა და გამაგრებული პორტების განთავსება. შეთანხმება მომავალში რუსეთის იმპერიამ დაარღვია. 

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დსრ-სა და ლსრ-ში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები