უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

აშშ-ში რუსეთის ელჩი სანქციებზე: ვისწავლეთ ასეთ პირობებში მუშაობა, სახელმწიფოს განვითარება

რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი
Global Look Press

 

აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვი რუსეთისთვის დაწესებული სანქციები შეაფასა. ელჩის თქმით, სანქციები მტკივნეულად დაარტყამს ფინანსურ და ენერგეტიკულ ბაზრებს.

"უდავოა, რომ ჩვენს წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მტკივნეულად დაარტყამს მსოფლიო ფინანსურ და ენერგეტიკულ ბაზრებს. არ იქნება გამონაკლისი შეერთებული შტატებიც, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქეებიც იგრძნობენ ფასების მატების შედეგებს" - თქვა ანტონოვმა.

რუსეთის ელჩმა აღნიშნა, რომ თავად რუსეთისთვის ეს სანქციები გადამწყვეტი არ არის.

"რთული წარმოსადგენია, რომ ვინმეს ვაშინგტონში აქვს იმედი, რომ შეზღუდვების მუქარით რუსეთი თავის საგარეო პოლიტიკურ კურსს გადახედავს. რაღაც არ მახსენდება ერთი დღე მაინც, როცა ჩვენს ქვეყანას დასავლეთის მხრიდან რაღაც შეზღუდვა არ ჰქონდა დაწესებული. ვისწავლეთ ასეთ პირობებში მუშაობა, არამხოლოდ გადარჩენა არამედ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება." - თქვა ანტონოვმა.

გუშინ, 22 თებერვალს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსეთს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გამო სანქციები დაუწესეს.

აშშ-მ სანქციები დაუწესა ბანკებს, VEB-ს და სამხედრო ბანკს, ასევე კრემლის ელიტას. სანქციები დაწესდა რუსეთის სუვერენულ ვალზეც. ევროკავშირმა კი რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა სანქციები. დიდი ბრიტანეთის სანქციები შეეხო 5 ბანკს და სამ მილიარდერს. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.


21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები