უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ ნაწილსაც აღიარებს, რომელსაც კიევი აკონტროლებს

რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები იმ საზღვრებში აღიარა, რა საზღვრებიც მათ თავიანთ დე-ფაქტო კონსტიტუციებში აქვთ გაწერილი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"რა საზღვრებში ვაღიარებთ ამ რესპუბლიკებს? ჩვენ ხომ ისინი ვაღიარეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარეთ მათი ყველა ფუნდამენტური დოკუმენტი, მათ შორის კონსტიტუციაც. კონსტიტუციაში კი გაწერილია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრები იმ ფარგლებში, რაც მათ ჰქონდათ უკრაინის ნაწილად ყოფნის დროს. თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა სადაო კითხვა გადაიჭრება კიევის დღევანდელ ხელისუფლებასა და ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებების ფარგლებში". – ამბობს ვლადიმირ პუტინი. 

რუსეთის პრეზიდენტის ეს განცხადება ნიშნავს, რომ რუსეთი დამოუკიდებლად აღიარებს ლუგანსკისა და დონეცკის იმ ნაწილებსაც, რომლებსაც ამ დრომდე ოფიციალური კიევი აკონტროლებს.

კერძოდ, ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები ოფიციალურად პრეტენზიას ამავე სახელის ოლქებზეც აცხადებენ, რომელთა დიდ ნაწილსაც კიევი აკონტროლებს. ვლადიმირ პუტინის მიერ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაჩნდა კითხვის ნიშანი, თუ რა საზღვრებში აღიარებდა რუსეთი დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ აღიარება ვრცელდება იმ საზღვრებში, რომელშიც ე.წ. რესპუბლიკების იურისდიქცია ვრცელდება.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავისი ხანგრძლივი სიტყვის ბოლოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა, აქტი, რომელმაც მთელ მსოფლიოს 2008 წლის აგვისტოს ომი და მოგვიანებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარება გაახსენა. 

ამ განცხადებიდან მალევე პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები