უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

პუტინმა ალიევს უთხრა, რომ რუსეთი არ აპირებს იმპერიის აღდგენას იმპერიის საზღვრებში

Президент России

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას თქვა, რომ რუსეთი არ აპირებს იმპერიის ადრინდელ საზღვრებში აღდგენას. პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებისას რუსეთი ელოდა შესაძლო სპეკულაციებს, თუმცა ისინი "აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს".

"რეგიონული კავშირები საკმაოდ ეფექტურად ვითარდება. რა თქმა უნდა, ვისარგებლებ შემთხვევით, თქვენი ვიზიტით და გეტყვით რა ხდება უკრაინასთან დაკავშირებით. იცით, რომ რუსეთმა გადაწყვიტა დონბასის ორი სახალხო რესპუბლიკის აღიარება. ახლავე მინდა ვთქვა: ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ და ვხედავთ კიდეც სპეკულაციას ამ თემაზე – რომ რუსეთი აპირებს, აღადგინოს იმპერია იმპერიისვე საზღვრებში. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა აღიარა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა და მოგეხსენებათ, აქტიურად მუშაობს პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოქმნილ ყველა სახელმწიფოსთან ურთიერთობების გასაძლიერებლად. მწვავე, ძალიან მწვავე სიტუაციებშიც კი, მაგალითად, მთიანი ყარაბაღის საკითხი, ჩვენ ყოველთვის ძალიან ფრთხილად ვმოქმედებთ პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით მიგვეღწია ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილებებისთვის". – თქვა პუტინმა.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. საგანგებო განცხადებისას პუტინმა თქვა, რომ "რესპუბლიკების სსრკ-დან გასვლის უფლება მის საფუძველში ჩადებული ნაღმი იყო"

მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები