უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

გირჩი პარლამენტს: ვინც დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთიდან უკანონოდ შევა, ჩვენთან არ შემოუშვათ

გირჩი – მეტი თავისუფლება პარლამენტს მოუწოდებს, რომ ვინც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში რუსეთიდან უკანონოდ შევა, საქართველოში შემოსვლა შეეზრუდოთ.

"ვინც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში რუსეთის მხრიდან უკანონოდ შევა, დაასანქციეთ და იგივე რეჟიმში მოაქციეთ, რა რეჟიმიც ვრცელდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთიდან უკანონოდ შესულებზე. ანუ, არ შემოვუშვათ საქართველოში". – ნათქვამია პარტიის მიმართვაში.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. რუსეთმა უკრაინის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები თითქმის ერთნაირი ტექსტით აღიარა.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები