უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

რუსეთმა უკრაინის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები თითქმის ერთნაირი ტექსტით აღიარა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების განკარგულება და 2008 წლის ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის განკარგულება ფაქტობრივად იდენტურია.

1. სამხრეთ ოსეთის ხალხის ნების გათვალისწინებით, აღიარებულ იქნეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

1. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხალხის ნების გათვალისწინებით, მინსკის შეთანხმებების შესაბამისად კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე უკრაინის უარის გათვალისწინებით, აღიარებულ იქნეს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

2. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის მხარესთან/ლუგანსკის მხარესთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე და მიღწეული შეთანხმება გააფორმოს შესაბამისი დოკუმენტებით.

3. დაევალოს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფედერალური აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებული ორგანოების მონაწილეობით მოლაპარაკებების გამართვა სამხრეთ ოსეთის მხარესთან/ლუგანსკის მხარესთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების პროექტის მომზადებაზე და წარადგინოს წინადადება მის ხელმოწერაზე დადგენილ ვადაში.

4. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის/ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსადმი მიმართვასთან დაკავშირებით, ამ განკარგულების მე-3 პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადებამდე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელდეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მშვიდობის შენარჩუნების ფუნქციები.

5. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერის დღიდან.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით კი პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები