უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

მედვედევი: მალე ევროპელებს ათასი კუბური მეტრი გაზისთვის 2000 ევროს გადახდა მოუწევთ

TACC

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი გერმანიის მიერ გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის შეჩერებას გამოეხმაურა. მედვედევის თქმით, მალე ევროპელებს ათასი კუბური მეტრი გაზისთვის 2000 ევროს გადახდა მოუწევთ.

"გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის შეჩერების ორდერი გამოსცა. რას ვიზამთ. მოგესალმებით ახალ მსოფლიოში, რომელშიც მალე ევროპელებს ათასი კუბური მეტრი გაზისთვის 2000 ევროს გადახდა მოუწევთ". - წერს მედვედევი Twitter-ზე.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის წინსვლა უკრაინის კრიზისის ფონზე ვერ გაგრძელდება. მისი თქმით, გაზსადენის დამტკიცების პროცესი დროებით შეჩერებულია.

შოლცმა თქვა, რომ გერმანიამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა გაზსადენი სერტიფიკაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ეს არის პასუხი უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.

2021 წლის ივლისში გერმანიამ და აშშ-მ მაღწიეს შეთანხმებას, რომ ამერიკა დაუშვებდა გაზსადენის შენებას ისე, რომ დამატებითი სანქციები არ დაეწესებინა, სანაცვლოდ კი გერმანია კიდევ 10 წლით გაახანგრძლივებდა რუსეთსა და უკრაინაზე ბუნებრივი აირის ტრანზიტის კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2024 წელს გასდის.


21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები