უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

კულება სანქციებზე: რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ მსოფლიო თავის სიტყვას ასრულებს

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მსოფლიოს მოუწოდებს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე მსოფლიოს პასუხი მკაცრი იყოს.

"მსოფლიოს დედაქალაქებს ახალა არ სძინავთ, მიუხედავად იმისა, რომელ საათო სარტყელში არიან. სანქციების მასშტაბი და დაწესების დრო საბოლოოდ მუშავდება. უკრაინა დაჟინებით აცხადებს: რუსეთის შემდგომი მოქმედება დამოკიდებულია მსოფლიოს რეაქციაზე. რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ მსოფლიო თავის სიტყვას ასრულებს." - წერს კულება Twitter-ზე.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით კი პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები