ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსი

ბრიტანეთთან 2021-ში დავდეთ პარტნიორობის შეთანხმება – პაპუაშვილი ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, როდესაც საუბრობენ ბრიტანეთის, პოლონეთისა უკრაინის ალიანსზე, საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება დიდ ბრიტანეთთან ჯერ კიდევ 2021 წელს დადო.

"ახლა, როდესაც საუბარია დიდი ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის მემორანდუმზე, ჩვენ დიდ ბრიტანეთთან შარშან, 2021 წლის იანვარში დადებული გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება. 180-გვერდიანი დოკუმენტია, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. მათ შორის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის. სხვათა შორის, კიბერუსაფრთხოებას რაც შეხება, აქ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს ბრიტანეთთან და ჩვენი სახელმწიფოს მიერ მიღებული კონცეფცია, რომელიც კიბერუსაფრთხოების საკითხებს შეეხება, სწორედ ბრიტანელი ექსპერტების მონაწილეობითაა მიღებული. ასე რომ, ეს ურთიერთობა ძალიან მჭიდროა". – თქვა შალვა პაპუაშვილმა იმედის ეთერში.

17 თებერვალს უკრაინის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ალიანსის დაარსება ოფიციალურად გამოცხადდა. ალიანსი უსაფრთხოებაში თანამშრომლობისა და ვაჭრობის განვითარების სამმხრივ მთავრობათაშორის ფორმატს მოიაზრებს.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები