შუალედური არჩევნები 2022

ჯაფარიძე: მადლობა, ვინც მხარს მიჭერს, მანდატის გაუქმება პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა

ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia / Facebook

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ოპოზიციონერ კოლეგას, რომელმაც გამოხატა ჩემდამი მხარდაჭერა". – ამბობს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე. მისივე თქმით, შუალედურ არჩევნებში რუსთავში მის კანდიდატურად რამდენიმე ოპოზიციური პარტია უკვე უჭერს მხარს და კიდევ რამდენიმე იქნება ასეთი.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო, პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ რუსთავში ბადრი ჯაფარიძეს მხარს დაუჭერს და საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ასევე, პარტია სტრატეგია აღმაშენებელი 2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს და მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს.


15 თებერვალს პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა. მანდატის შეწყვეტის შემდეგ, პარტია ლელომ  ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.

ამ დრომდე საკუთარი კანდიდატები შუალედური არჩევნებისთვის მხოლოდ ქართულ ოცნებას ჰყავს დასახელებული. რუსთავში მმართველი პარტიის კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი იქნება.

შუალედური არჩევნები 2 აპრილს არის ჩანიშნული. ამომრჩევლები რუსთავში პარლამენტის მაჟორიტარს, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ. შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

კომენტარები