შუალედური არჩევნები 2022

დეკანოიძე: ენმ რუსთავში კანდიდატს არ დააყენებს და ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს მხარს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა რუსთავში საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს და მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს.

დეკანოიძის თქმით, ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევა პოლიტიკური ქურდობა იყო, რათა პარლამენტში ოპოზიცია არ იყოს ძლიერად წარმოდგენილი და არ ჰქონდეს საგამოძიებო კომისიების შექმნის შესაძლებლობა.

"ამიტომ ბრძოლის ეს ფაზა, რომელიც არის საკმაოდ რთული, მათ შორის შუალედური არჩევნები თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არის ძალიან პრინციპული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბატონი ბადრის მხრიდან.

ეს უნდა იყოს საერთო პლატფორმა, ვიზიარებთ იმას, რომ ეს უნდა იყოს ერთიანი ძალისხმევა. იქნება რთული ბრძოლა, ვინაიდან ნამდვილად, ხელისუფლება მთელი რესურსის მობილიზებას შეეცდება, მაგრამ ნამდვილად დასაფასებელია ბატონი ბადრის ეს გადაწყვეტილება, ამიტომ ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ მაქსიმალურს". – ამბობს ხატია დეკანოიძე.

15 თებერვალს პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა. მანდატის შეწყვეტის შემდეგ, პარტია ლელომ  ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.

ამ დრომდე საკუთარი კანდიდატები შუალედური არჩევნებისთვის მხოლოდ ქართულ ოცნებას ჰყავს დასახელებული. რუსთავში მმართველი პარტიის კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი იქნება.

შუალედური არჩევნები 2 აპრილს არის ჩანიშნული. ამომრჩევლები რუსთავში პარლამენტის მაჟორიტარს, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ. შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

კომენტარები