შენობების დემონტაჟი

მუნიციპალური ინსპექცია: სამგორში უკანონოდ მშენებარე კონსტრუქციების დემონტაჟი მოხდა

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აცხადებს, რომ სამგორის რაიონში მშენებლობის საწყის ეტაპზე მყოფი სამი შენობისა და ორი ღობის დემონტაჟი განახორციელეს, რადგან მათ უკანონოდ აშენებდნენ.

მათივე ინფორმაციით, მესაკუთრეები დემონტაჟის შესახებ ერთი კვირის წინ გააფრთხილეს. საუბარია, სავარაუდოდ, აფრიკის დასახლებაში არსებულ მშენებლობებზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია თბილისის მერიამ 11 თებერვალს გაავრცელა.

"ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, სამი კაპიტალური შენობა მშენებლობის საწყის ეტაპზე და მსუბუქი კონსტრუქციის ორი ღობე.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევები ერთი კვირის წინ გააფრთხილა, რის შემდეგაც, ერთმა მოქალაქემ მშენებარე ნაგებობის ნაწილობრივი დემონტაჟი თავად განახორციელა.

ჯამში, მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო მიწაზე განთავსებული სამი კაპიტალური ფუნდამენტისა და ღობეების დემონტაჟი მოახდინა", - წერია განცხადებაში.

28 იანვარს თბილისის მერიამ ორხევის დასახლებაში მოქალაქეებს სახლები დაუნგრია. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, სახლების მფლობელებს რეგიონებში მიწები, ხოლო დედაქალაქში ბინები აქვთ. მოქალაქეები ამბობენ, რომ დემონტაჟის პროცესი დღეს, 28 იანვრის დილას დაიწყო და მათი ნაწილი გაფრთხილებული არც ყოფილა. ამის საპირისპიროს ამბობს თბილისის მერი. კალაძის თქმით, "ყველანაირი გაფრთხილება" მიცემული იყო.

16 დეკემბერს კახა კალაძემ თქვა, რომ მერია "მიწების მიტაცებას", უკანონო მშენებლობებს არ შეეგუებოდა და დემონტაჟი მოხდებოდა. მუნიციპალურმა ინსპექციამ კალაძის დავალებით 2020 წლის დეკემბერში აფრიკის დასახლებაში რამდენიმე უნებართვოდ აშენებული შენობა დაანგრია, მათ შორის იმ ოჯახების, რომელთა წევრებიც ამბობდნენ, რომ ეს მათი ერთადერთი საცხოვრებელი იყო. თუმცა, კალაძე ამტკიცებდა, რომ მათ, ვინც სახლები ააშენეს, სახლები და მიწები ჰქონდათ.

კომენტარები