აფრიკის დასახლება

ჩანგელიას დედა: საცხოვრებელი ფართი არ გვაქვს – არც აგარაკი და არც მიწა

ტაბულა

აფრიკის დასახლებაში მცხოვრები გიგი ჩანგელიას დედა, კესო მანდარია ამბობს, რომ ოჯახი ბინას 28 წელია, ელოდება და, მისივე თქმით, საცხოვრებელი ფართი არ აქვთ. 

"განაცხადი შევიტანე, რომ გამოიკვლიონ, მაქვს თუ არა საცხოვრებელი ფართი. არ მაქვს - არც აგარაკი მაქვს და არც მიწა. არაფერი არ მაქვს. ქირით რომ ვერ გადავდიოდით, ავიშენეთ ეს სახლი, აქ ვცხოვრობთ. ახლა გვეუბნებიან, დაშალეთ ეს სახლიო, სად უნდა გადავიდეთ? არ გვაქვს გადასასვლელი. 

დევნილები ვართ. 28 წელია, ველოდებით ბინას. საახალწლოდ გვპირდებიან, ფართი ნამდვილად არ მაქვს". – ამბობს მანდარია ტაბულასთან საუბარში. 

დევნილთა სააგენტოს მტკიცებით, ჩანგელიების ოჯახს ზუგდიდში სამოთახიანი ბინა 14 დეკემბერს გადასცეს. თუმცა, ადვოკატი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ოჯახს ბინის გასაღებიც არ აქვს და, მათივე ინფორმაციით, ზუგდიდში ამ კორპუსში ჯერ არავინ შესახლებულა. 

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის გიგი ჩანგელიას სახლის ნგრევის შეწყვეტისთვის სასამართლოს 18 დეკემბერს მიმართა. გუშინ, 19 დეკემბერს, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული შენობების დემონტაჟი 15 დეკემბერს დაიწყო.

დემონტაჟის პროცესის შეწყვეტისკენ მერიას მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიაში მგრძნობელობა არ აქვთ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

ღია საზოგადოების ფონდი კი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტიანი სერვისებით ვერ პასუხობს, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია."

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა ქმედებები დაეწყოთ და დასძინა: "დავამთავროთ ეს უმსგავსობა".

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

კომენტარები