თბილისის მერია

მერია: აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობები აღმოვაჩინეთ, გავაფრთხილეთ, რომ დაანგრიონ

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა. ინსპექციამ მშენებლობის მწარმოებლებს ნაგებობის დემონტაჟი დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნაგებობებს მუნიციპალური ინსპექცია დაანგრევს.

"მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთხი შენობა და მსუბუქი კონსტრუქცია უნებართვოდ იყო განთავსებული. კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევათა იდენტიფიცირების მიზნით, მოკვლევა ჩაატარა და ე.წ. აფრიკის დასახლებაში, ოთხ მისამართზე მშენებლობის მწარმოებლები გააფრთხილა, რათა მათ უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟი მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ პროცესს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს". – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ ამ ეტაპზე, ქალაქის სხვადასხვა რაიონში სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოავლინა და მშენებლობის შემსრულებლები გააფრთხილა. 

28 იანვარს თბილისის მერიამ ორხევის დასახლებაში მოქალაქეებს სახლები დაუნგრია. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, სახლების მფლობელებს რეგიონებში მიწები, ხოლო დედაქალაქში ბინები აქვთ. მოქალაქეები ამბობენ, რომ დემონტაჟის პროცესი დღეს, 28 იანვრის დილას დაიწყო და მათი ნაწილი გაფრთხილებული არც ყოფილა. ამის საპირისპიროს ამბობს თბილისის მერი. კალაძის თქმით, "ყველანაირი გაფრთხილება" მიცემული იყო.

16 დეკემბერს კახა კალაძემ თქვა, რომ მერია "მიწების მიტაცებას", უკანონო მშენებლობებს არ შეეგუებოდა და დემონტაჟი მოხდებოდა. მუნიციპალურმა ინსპექციამ კალაძის დავალებით 2020 წლის დეკემბერში აფრიკის დასახლებაში რამდენიმე უნებართვოდ აშენებული შენობა დაანგრია, მათ შორის იმ ოჯახების, რომელთა წევრებიც ამბობდნენ, რომ ეს მათი ერთადერთი საცხოვრებელი იყო. თუმცა, კალაძე ამტკიცებდა, რომ მათ, ვინც სახლები ააშენეს, სახლები და მიწები ჰქონდათ.

კომენტარები