შუალედური არჩევნები 2022

აქუბარდია: სტრატეგია აღმაშენებელი რუსთავში ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს მხარს

თეონა აქუბარდია
სტრატეგია აღმაშენებელი

პარტია სტრატეგია აღმაშენებელი 2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს და მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

"სტრატეგია აღმაშენებელში გვქონდა კონსულტაციები და გადავწყვიტეთ, რომ რუსთავში ბადრი ჯაფარიძეს არ დავუყენოთ კანდიდატურა იმის მიუხედავად, რომ საკუთარი კანდიდატის დაყენებას ვაპირებდით. გიორგი ვაშაძე შეხვდება თავად ჯაფარიძეს იმისთვის, რომ ჩვენი გადაწყვეტილება გავუზიაროთ და მასაც მოვუსმინოთ, თუ რა გეგმები აქვს. თუ ჩავატარებთ სწორ კამპანიას და ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე ზუსტ აქცენტებს დავსვამთ, ვფიქრობ, შესაძლებლობა არსებობს, რომ რუსთავში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია, ოპოზიცია იყოს ძლიერი". - ამბობს თეონა აქუბარდია.

აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ რუსთავში ბადრი ჯაფარიძეს მხარს დაუჭერს და საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

15 თებერვალს პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა. მანდატის შეწყვეტის შემდეგ, პარტია ლელომ  ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.

ამ დრომდე საკუთარი კანდიდატები შუალედური არჩევნებისთვის მხოლოდ ქართულ ოცნებას ჰყავს დასახელებული. რუსთავში მმართველი პარტიის კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი იქნება.

შუალედური არჩევნები 2 აპრილს არის ჩანიშნული. ამომრჩევლები რუსთავში პარლამენტის მაჟორიტარს, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ. შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

კომენტარები