მიხეილ სააკაშვილის საქმე

პენიტენციური: სააკაშვილისთვის შეზღუდვა არ დაგვიწესებია, თვეში 1 ხანმოკლე პაემანი ეკუთვნის

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისთვის რაიმე ახალი სახის შეზღუდვა არ დაუწესებიათ. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ექსპრეზიდენტი საკუთარი უფლებების შესახებ სრულად ინფორმირებულია.

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის შემდგომი მოხდა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განესაზღვრა. პატიმრობის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად კი, ის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, თავსდება საკანში. მას უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს ერთი ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით  თვეში ერთი, დამატებითი ხანმოკლე პაემანი.

მსჯავრდებული სააკაშვილი, ასევე, ინფორმირებულია, რომ ერთი წლის განმავლობაში შეუძლია ჰქონდეს ორი ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით წელიწადში ერთი, დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ მ. სააკაშვილი იმყოფება N12 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მისივე თანხმობის შესაბამისად, უტარდება ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგი და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა, იღებს სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა რეგულარულ კონსულტაციებს და მკურნალობს დანიშნულების შესაბამისად. აქვე, აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული უარს აცხადებს ფსიქოთერაპევტის კონსულტაციაზე" - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, "კვირას შემოვიდა შეწუხებული რეჟიმის მუშაკი და გამომიცხადა, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები, რომლებიც შუშის მიღმა, ტელეფონით 1-საათიანი ურთიერთობით იყო განსაზღვრული, კვირაში ერთხელ აღარ და თვეში ერთხელ იქნება". ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა FB-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია. 

"ხომ დავწერე, რომ პარასკევს დილით, უკრაინის პროკურატურის მიერ ჩემს დაზარალებულად ცნობის შემდეგ, ივანიშვილი კიდევ დაამძიმებდა ჩემს მდგომარეობას და აჰა... რა პატარა არარაობებთან გვაქვს საქმე. მე ასეთები არამხოლოდ არ შემხვედრია, არასდროს არც კი გამიგია ასეთი ბოროტების არსებობა. დარწმუნებული ვარ, ესეც დაემატება უკრაინის პროკურატურის ან უახლოეს ხანში გათავისუფლებულ საქართველოში აღძრულ საქმეებს" - წერს სააკაშვილი.

კომენტარები