ხაჭაპურის ინდექსი

იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯები რეკორდულად გაიზარდა – ხაჭაპურის ინდექსი

flickr.com

ISET-PI-ს ხაჭაპურის ინდექსის მიხედვით, 2022 წლის იანვარში იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ხარჯებმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია და, საშუალოდ, 5.77 ლარი შეადგინა.

ხაჭაპურის ინდექსი ყოველთვიურად ქვეყნდება და ის ქართული ეროვნული კერძის, იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯებს ასახავს. 

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხაჭაპურის მომზადების ხარჯები 23.7%-ითაა გაზრდილი, გასულ თვესთან შედარებით კი – 1.8%-ით.

ხაჭაპურის ინდექსზე გავლენას ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონე ახდენს, რომელიც ამჟამად 13.9%-ს შეადგენს. გასულ წელთან შედარებით ხაჭაპურის მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტები მნიშვნელოვნადაა გაძვირებული, კერძოდ, კვერცხი (+47%), ფქვილი (+31%) ცხიმი (+23%), ყველი (+16%) და რძე (+10%).

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა. 

ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული + 23.3%
  • პური და პურპროდუქტები + 20.5%
  • ზეთი და ცხიმი + 19.6%
  • უალკოჰოლო სასმელები და წვენები + 18.3% 
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 18.2%
  • თევზეული + 16.6 %
  • რძე, ყველი და კვერცხი + 14.4%
  • ხილი და ყურძენი + 13.7% 
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები + 11.9% 
  • ყავა, ჩაი და კაკაო + 7.8%

"ფასების წლიური ზრდის მიზეზი, როგორც ჩანს, საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილ ფასებში უნდა ვეძებოთ, რადგან FAO-ის მონაცემებით, სურსათის ფასები მთელი წლის განმავლობაში იზრდებოდა.

ფასები გაიზარდა შემდეგ კატეგორიებში: მარცვლეული, მცენარეული ზეთები, რძის პროდუქტები, ხორცი, შაქარი. სურსათის საერთაშორისო ფასების ზრდის დინამიკა მოგვიანებით ადგილობრივ ფასებზეც აისახა, თუ ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, შესაძლოა, ფასები მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაიზარდოს". – წერია ISET-ის ანგარიშში. 

კომენტარები