დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

შერმანი: საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აქვს უსაფრთხოების ხელშეუვალი უფლება

ვენდი შერმანი
CFP

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვენდი შერმანის თქმით, თუ რუსეთს სწამს, რომ აქვს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ხელშეუვალი უფლება, იმავე უფლებებით უნდა სარგებლობდეს საქართველო, მოლდოვა და უკრაინაც. ამის შესახებ შერმანმა ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ეუთო-ს განახლებული დიალოგის ინიცირების საინაუგურაციო შეხვედრაზე ისაუბრა. 

"თუ რუსეთის ფედერაციას, ჩვენს მსგავსად, სწამს, რომ აქვს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების თანდაყოლილი უფლება, ეს იგივე უფლებები თანაბრად უნდა არსებობდეს მოლდოვისთვის, საქართველოსა და უკრაინისთვის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი საკუთარი ქმედებებით არღვევს ეუთოს ვალდებულებებს. 2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და დღემდე აქვს ყირიმის ტერიტორია ოკუპირებული. 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში და დღემდე აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული. რუსეთი ტოვებს სამხედროებს მოლდოვაში, მთავრობის სურვილის საწინააღმდეგოდ და ეუთოს ვალდებულებების დარღვევით. 

რუსეთის ქმედებები აზიანებს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხოებას. არღვევს საერთაშორისო სამართალს, საფრთხეს უქმნის თავისუფალ, მთლიან და მშვიდობიან ევროპის იდეას. რუსეთის მიერ სხვა ქვეყნებში დაუსჯელად შეჭრა ძირს უთხრის უსაფრთხოების განუყოფლობის კონცეფციას, რომელსაც ახლა თავად რუსეთი იყენებს. მარტივი ფაქტი ისაა, რომ საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთადერთი გრძელვადიანი გზა  დიპლომატიასა და დიალოგზე, და არა დაპირისპირებასა და კონფლიქტზე, გადის".- თქვა შერმანმა. 


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები