დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

რუს ოფიცერთა ასამბლეა ვლადიმირ პუტინს გადადგომისკენ მოუწოდებს

რუს ოფიცერთა ასამბლეის თავმჯდომარე, გენერალ-პოლკოვნიკი ლეონიდ ივაშოვი, ასამბლეის სხვა წევრებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მოუწოდებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენოს. ივაშოვის თქმით, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს რუსეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობას.

ამასთან, გენერალ-პოლკოვნიკი უკრაინის საზღვართან არსებულ მდგომარეობაზე და საომარ მზადებაზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას და ვლადიმირ პუტინს აკისრებს, რომელსაც ასამბლეა თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.

"დღეს კაცობრიობა ომის მოლოდინში ცხოვრობს. ომი კი ადამიანების სიცოცხლის დაკარგვა, ნგრევა, ხალხის მასების ტანჯვა, ცხოვრების ჩვეული სტილის განადგურება, სახელმწიფოსა და ხალხების სასიცოცხლო სისტემის დაშლაა. დიდი ომი – ეს უზარმაზარი ტრაგედიაა და მძიმე დანაშაულია.

წარსულში რუსეთი (საბჭოთა კავშირი) იძულებით (სამართლიან) ომებს აწარმოებდა, როგორც წესი მაშინ, როდესაც სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდა, როდესაც საფრთხე ემუქრებოდა სახელმწიფოსა და საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესებს.

დღეს კი რა ემუქრება თავად რუსეთის არსებობას? არსებობს კი ასეთი საფრთხეები? შეიძლება ითქვას, რომ ასეთი საფრთხე ნამდვილად არსებობს – ქვეყანა დასასრულის ზღვარზეა. ყველა მნიშვნელოვანი სასიცოცხლო სფერო, მათ შორის დემოგრაფია, რომელიც სტაბილურად დეგრადირებულია, მოსახლეობის გადაშენების ტემპი კი გინონის რეკორდებს ამხობს. დეგრადაცია სისტემური ხასიათს ატარებს, ნებისმიერ რთულ მომენტში, მისი ერთ-ერთი ელემენტის განადგურებამ შესაძლოა მთელი სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს". - წერია ასამბლეის განცხადებაში.

გარდა ამისა, ასამბლეა გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ უკრაინაში შეჭრა ქვეყნებს სამუდამო მტრებად აქცევს, რაც რუსეთის არსებობას საფრთხეს შეუქმნის და მის დემოგრაფიულ პრობლემებს გააღრმავებს.

"უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება, პირველ რიგში – საფრთხის ქვეშ დააყენებს რუსეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობას. ომი რუსეთსა და უკრაინას სამუდამო მტრებად აქცევს. როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს დაიღუპება ათობით ათასი ახალგაზრდა, ჯანმრთელი ბავშვები, რაც ცხადია იმოქმედებს ჩვენი მომკვდავი ქვეყნების დემოგრაფიულ მდგომარეობაზე". - წერია მიმართვაში.

წერილის დასასრულში კი ასამბლეა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.

"რუსეთის პრეზიდენტისგან, ჩვენ რუსეთის ოფიცრები, მოვითხოვთ ქვეყანამ უარი თქვას ომის პროვოცირების კრიმინალურ პოლიტიკაზე, რომელშიც რუსეთი მარტოდმარტო აღმოჩნდება დასავლეთის გაერთიანებული ძალების წინაშე და შექმნას პირობები რუსეთის კონსტიტუციის მესამე მუხლის გამოსაყენებლად - დატოვოს თანამდებობა". - წერს ასამბლეა.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები