დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უნგრეთმა NATO-ს კიბერცენტრში უკრაინის გაწევრიანებას ვეტო დაადო

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უნგრეთმა NATO-ს კიბერ თავდაცვის ცენტრში (CCDCOE) უკრაინის გაწევრიანებას ვეტო დაადო. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა ერთი დღით ადრე თქვა, რომ უკრაინის ცენტრში გაწევრიანებას ერთ-ერთი მოკავშირე ბლოკავდა. Европейская правда-ს კი წყარომ დაუდასტურა, რომ ვეტო სწორედ უნგრეთმა გამოიყენა.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ უკრაინა ომშია და კიბერშეტევები მუდმივად ხდება.

NATO-ს კიბერცენტრში გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადის დამტკიცების პროცედურა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო და დაკმაყოფილების შემთხვევაში ის წევრი 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა გამხდარიყო. ალიანსს შეუძლია განცხადებას განხილვას კვლავ დაუბრუნდეს, თუმცა, რადგან ცენტრის საბჭოს სხდომები წელიწადში მხოლოდ ორჯერ იმართება, უკრაინა წევრი 2022 წლის მეორე ნახევრამდე ვერ გახდება.

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. შეხვედრაზე ორბინმა პუტინს უნგრეთისთვის გაზის მიწოდების გაზრდა სთხოვა.

უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის ფონზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ 27 იანვარს თქვა, რომ თუ უკრაინა უნგრელი უმცირესობის მიმართ არ შეცვლის საკუთარ პოლიტიკას, ეს ბუდაპეშტის მიერ კიევისთვის დახმარების შესაძლებლობას შეზღუდავს, კონფლიქტის შემთხვევაშიც კი.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები