დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ტეფტი: ნებისმიერ ქართველს ჰკითხეთ, რა მოხდა 2008-ში, როცა წვრთნები ჩრდილო კავკასიაში იყო

ჯონ ტეფტი
Win Mcnamee/Getty Images

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში, ჯონ ტეფტი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ახლა უკრაინის საზღვრებთან არსებულ დაძაბულ ვითარებას ადარებს. ტეფტი აღნიშნავს, რომ ბევრი დამაფიქრებელი პარალელი არსებობს.

"...მე მაშინ იქ ვიყავი, მამაცი საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით... 

10-დან 20 თებერვლამდე, რუსეთი ე.წ. წვრთნებს ატარებს ბელარუსში, ბელარუს სამხედროებთან ერთად. 20 თებერვლისთვის ოლიმპიადა პეკინში დასასრულს მიუახლოვდება. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი პუტინი არაფერს მოიმოქმედებს ოლიმპიადის დროს, რათა საკუთარი მეგობარი, ჩინეთის პრეზიდენტი სი არ დაჩრდილოს. მაგრამ, როდესაც ბელარუსის საზღვარზე ამდენ რუს სამხედროს უყრი თავს...

ნებისმიერ ქართველს ჰკითხეთ, ახსოვს თუ არა, რა მოხდა 2008 წელს, როდესაც მსგავსი წვრთნები ჩრდილო კავკასიაში მიმდინარეობდა - წვრთნების შემდეგ რუსული დანაყოფები სახლში არ დაბრუნებულან, ისინი საქართველოში შემოიჭრნენ. თანაც, მაშინაც ოლიმპიადა იყო და მაშინაც ჩინეთში. მოკლედ, ბევრი დამაფიქრებელი პარალელია...

რუსეთი მზად იყო შემოსაჭრელად. ეს იყო მანევრი, რომელიც მოსკოვში დაიგეგმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ეს ფაქტობრივად აღიარა კიდეც კონდოლიზა რაისთან სატელეფონო ზარის დროს - რომ მათი მიზანი იყო, თბილისში მთავრობა შეეცვალათ. ახლახან, როდესაც ბრიტანელებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთი ემიგრაციაში მყოფ ზოგ ყოფილ უკრაინელ ლიდერს ესაუბრებოდა, ეს კიდევ ერთხელ გამახსენდა..." – ამბობს ტეფტი ინტერვიუში.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები