დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბრიტანეთის საგარეო: კრემლი გეგმავს, უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსი ლიდერი მოიყვანოს

ლიზ თრასი
Getty Images

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, რუსეთის მთავრობა გეგმავს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსი ლიდერი მოიყვანოს.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებს, რომ რუსეთის მთავრობა, უკრაინაში შეჭრისა და ოკუპაციის შესაძლებლობის განხილვის პარალელურად, გეგმავს, კიევში პრორუსი ლიდერი მოიყვანოს. ყოფილი უკრაინელი პარლამენტარი ევგენი მურაევი შესაძლო კანდიდატურად განიხილება." – ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაასახელა ის უკრაინელი პოლიტიკოსები, რომლებთანაც, უწყების ინფორმაციით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს აქვთ კავშირი. მათ შორის არიან:

  • სერგეი არბუზოვი – 2012-2014 წლებში უკრაინის პრემიერმინისტრის პირველი მოადგილე, 2014 წელს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
  • ანდრეი კლიუევი – 2010-2012 წლებში პრემიერმინისტრის პირველი მოადგილე და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
  • ვლადიმირ სივკოვიჩი – უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე
  • მიკოლა აზაროვი – უკრაინის პრემიერმინისტრი 2010-2014 წლებში

"ჩამოთვლილთაგან ზოგიერთს კავშირი აქვს რუსეთის სადაზვერვო სამსახურების იმ ოფიცრებთან, რომლებიც ჩართული არიან უკრაინაზე თავდასხმის დაგეგმვაში". – ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"დღეს გავრცელებული ინფორმაცია ნათელს ჰფენს უკრაინის დასამხობად რუსეთის აქტივობის მასშტაბს და გვაჩვენებს, როგორ ფიქრობს კრემლის.

რუსეთმა უნდა დაიწყოს დეესკალაცია, დაასრულოს აგრესიისა და დეზინფორმაციის კამპანიები და მიჰყვეს დიპლომატიის გზას. როგორც გაერთიანებულმა სამეფომ და ჩვენმა პარტნიორებმა არაერთხელ თქვეს, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების ნებისმიერი შეჭრა იქნება მასშტაბური სტრატეგიული შეცდომა მკაცრი შედეგებით.

გაერთიანებული სამეფოს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით ნათელია. ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც მოიცავს ყირიმს. უკრაინა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა." – თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ თრასმა.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები