დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინის გამო დიდი ბრიტანეთი კრემლთან დაახლოებულ პირებს სანქციებით ემუქრება

ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი მოსკოვში, წითელ მოედანზე, წმინდა ბასილის კათედრალთან
Stefan Rousseau/AFP

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი  კრემლთან დაახლოვებულ პირებსა და კომპანიებს სანქციებს დაუწესებს

"ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ თუ რუსეთი წავა უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო გავამკაცრებთ სანქციებს კრემლთან დაახლოებული ბიზნესებისა და ადამიანების მიმართ".- თქვა საიმონ კლარკმა Sky New-სთან ინტერვიუში. 

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, თქვა, რომ სანქციები რუსულ ბიზნესზე თავდასხმას უტოლდება. მისი განმარტებით, მსგავსი ქმედებები ბრიტანულ კომპანიებს დააზარალებს, რასაც რუსეთი მკაცრად უპასუხებს.

 საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუზ ტრასის თქმით, ბრიტანეთის მთავრობა ახალ კანონს ამ კვირაში წარადგენს, რათა უკრაინის საზღვრებთან კონფლიქტის დეესკალაციისთვის გააფართოვოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბრიტანეთი პოსტ საბჭოთა სივრციდან ფულის გადინების გლობალურ ცენტრად იქცა. 

ბრიტანეთმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ 180 ადამიანსა და 48 ორგანიზაციას დაუწესა სანქციები. სანქციები ბრიტანეთს საშუალებას აძლევს გაყინოს ინდივიდუალური აქტივები და აუკრძალოს პირებს გაერთიანებულ სამეფოში შესვლა. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინაში გაემგზავრება და პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს. 

"პუტინს იმას ვეტყვი, რაც მანამდეც მითქვამს, საჭიროა, რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან უკან დაიხიოს".- თქვა ბორის ჯონსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები