პაპი ფრანცისკე

პაპი ფრანცისკე: მშობლებმა არ უნდა დაგმონ გეი შვილები

პაპმა ფრანცისკემ მშობლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ გეი შვილები მიიღონ და მათ მხარდაჭერა გაუწიონ. მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე პაპმა ყოველკვიურელი საზოგადო მიმართვის დროს ისაუბრა.

ფრანცისკე მშობლებს შვილებთან ურთიერთობის დროს შექმნილ სხვადასხვა სახის სირთულეებზე და მათ გადალახვაზე ესაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი საკითხია, როდესაც მშობლები შვილების განსხვავებულ ორიენტაციას ხედავენ, როგორ უნდა შეხვდნენ ამას, როგორ უნდა დადგნენ მათ გვერდზე და არ მოირგონ გამკიცხავის როლი.

"არასდროს დაგმოთ შვილები". - თქვა ფრანცისკემ.

კათოლიკე ეკლესია ჰომოსექსუალურ აქტს ცოდვად მიიჩნევს, თუმცა, ამავე ეკლესიის კატეხიზმო გმობს ლგბტ თემის წევრების მიმართ ყველა სახის დისკრიმინაციას. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს, პაპმა ფრანცისკემ მიიღო დეკრეტი, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირებს გეი წყვილების დალოცვის უფლება შეეზღუდათ, რადგან ეკლესია "ვერ დალოცავს ცოდვას", პაპი მხარს უჭერს ჰომოსექსუალი წყვილების სამოქალაქო კავშირს, რათა მათ შეძლონ ჯანდაცვის, საპენსიო და მემკვიდრეობის უფლებების გაზიარება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2013 წელს, პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ის გეი მღვდლებს არ განსჯის.

"თუ ადამიანი, რომელიც გეია, ეძებს ღმერთს და გააჩნია კეთილმოსურნეობა, ვინ ვარ მე, რომ ის განვსაჯო?!". - თქვა პაპმა ფრანცისკემ.

კომენტარები