29 მარტს, ექიმმა, რომელმაც პაპის ხუთკვირიან ჰოსპიტალიზაციას ხელმძღვანელობდა გაუწია, თქვა, რომ ვატიკანში დაბრუნების შემდეგ პაპი ფრანცისკეს მდგომარეობა "ნამდვილად გასაოცრად გაუმჯობესდა" და უმძიმესი ორმაგი პნევმონიის გადატანის შემდეგ აღდგენას განაგრძობს.
"ჩემი აზრით, ის ძალიან ენერგიულადაა. მჯერა, რომ თავის წინა მდგომარეობას 100%-ით თუ არა, 90%-ით მაინც დაუბრუნდება" - თქვა ექიმმა სერჯიო ალფიერიმ პაპთან სტუმრობის შემდეგ. პაპი საავადმყოფოდან 23 მარტს გამოწერეს.
ალფიერის თქმით, პაპის ხმა ძლიერდება და დამატებითი ჟანგბადის საჭიროებაც შემცირდა. მისი ხელის შეზღუდული მობილობა უკავშირდება ტრავმას, რომელიც ჰოსპიტალიზაციამდე მიიღო და რომლის მოსარჩენად დრო იქნება საჭირო.
პაპ ფრანცისკეს, რომელიც საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს, თავდაპირველად სასუნთქი გზების პოლიმიკრობული ინფექცია დაუდგინდა, მოგვიანებით კი ექიმებმა პნევმონიის დასაწყისის დიაგნოზი დაუსვეს.
- პაპი ფრანცისკე ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს
- ვატიკანი: პაპ ფრანცისკეს რესპირატორული ინფექცია დაუდგინდა
88 წლის ფრანცისკეს, რომელიც პაპი 2013 წლიდანაა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად აწუხებდა გრიპი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.
მიმდინარე თვის დასაწყისში, ფრანცისკემ ყოველკვირეულ წირვაზე მომლოცველებს უთხრა, რომ მას "ძლიერი გაციება" აწუხებდა, რაც შემდგომ, ვატიკანის ინფორმაციით, ბრონქიტი აღმოჩნდა.
ცნობისთვის, 22 თებერვალს წმიდა საყდარმა განაცხადა, რომ რომ უზენაესი პონტიფექსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
"წმიდა მამის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. მას საფრთხისთვის თავი არ დაუღწევია". - წერია განცხადებაში.
ვატიკანის ცნობით, პაპმა გადაიტანა "ასთმის მსგავსი განგრძობადი რესპირატორული კრიზისი".
"პაპი გონზეა, დღე სავარძელში გაატარა, თუმცა თავს სუსტად გრძნობს. ექიმების პროგნოზი თავშეკავებულია". - ეწერა ვატიკანის განცხადებაში.
გარდა ამისა, ვატიკანის ცნობით და 22 თებერვლის მონაცემებით, ჩატარებულმა სამედიცინო ანალიზმა თრომბოციტოპენია გამოავლინა, რაც ანემიასთან არის ასოცირებული და რის გამოც პაპს სისხლის გადასხმა დასჭირდა.
ექიმების თქმით, პაპ ფრანცისკესთვის ყველაზე დიდ საფრთხეს სეფსისის დაწყება წარმოადგენს, რაც, შეიძლება, პნევმონიის გართულების შედეგად მისი სასუნთქი სისტემიდან სისხლის მიმოქცევაში ბაქტერიების შეღწევამ გამოიწვიოს.
პაპის მკურნალმა გუნდმა თქვა, რომ ამჟამად სეფსისი ნიშნები არ აღინიშნება და ის მედიკამენტებზე დადებითად რეაგირებს.





