პაპი ფრანცისკე

პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან გამოწერეს

ფოტო: AP

23 მარტს პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან გამოწერეს.

დღეს ფრანცისკე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა და საავადმყოფოს აივნიდან ეზოში შეკრებილ ადამიანებს მიესალმა.

მიმართვაში ფრანცისკემ შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და მოწონების ნიშნად ცერა თითი აწია:

"ვხედავ ქალბატონს ყვითელი ყვავილებით, კარგია!" - თქვა ფრანცისკემ.

პაპის უსაფრთხოების სამსახურში AP News-ს უთხრეს, რომ სახლში დაბრუნებამდე ფრანცისკე სალოცავად წმინდა მარიამის პაპის ბაზილიკაში მიემართება.

პაპ ფრანცისკეს, რომელიც საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს, თავდაპირველად სასუნთქი გზების პოლიმიკრობული ინფექცია დაუდგინდა, მოგვიანებით კი ექიმებმა პნევმონიის დასაწყისის დიაგნოზი დაუსვეს. 

88 წლის ფრანცისკეს, რომელიც პაპი 2013 წლიდანაა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად აწუხებდა გრიპი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.  

მიმდინარე თვის დასაწყისში, ფრანცისკემ ყოველკვირეულ წირვაზე მომლოცველებს უთხრა, რომ მას "ძლიერი გაციება" აწუხებდა, რაც შემდგომ, ვატიკანის ინფორმაციით, ბრონქიტი აღმოჩნდა. 

ცნობისთვის, 22 თებერვალს წმიდა საყდარმა  განაცხადა, რომ რომ უზენაესი პონტიფექსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. 

"წმიდა მამის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. მას საფრთხისთვის თავი არ დაუღწევია". - წერია განცხადებაში.

ვატიკანის ცნობით, პაპმა გადაიტანა "ასთმის მსგავსი განგრძობადი რესპირატორული კრიზისი".

"პაპი გონზეა, დღე სავარძელში გაატარა, თუმცა თავს სუსტად გრძნობს. ექიმების პროგნოზი თავშეკავებულია". - ეწერა ვატიკანის განცხადებაში. 

გარდა ამისა, ვატიკანის ცნობით და 22 თებერვლის მონაცემებით, ჩატარებულმა სამედიცინო ანალიზმა თრომბოციტოპენია გამოავლინა, რაც ანემიასთან არის ასოცირებული და რის გამოც პაპს სისხლის გადასხმა დასჭირდა. 

კომენტარები