დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

აშშ-ს 8 500 სამხედრო ევროპაში გადასხმის მზადყოფნაში ჰყავს

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის საფრთხის არსებობის ფონზე, აშშ-ს 8 500 სამხედრო ევროპაში გადასხმის მზადყოფნაში ჰყავს, იმ შემთხვევისთვის თუ NATO გააქტიურებს ჩქარი რეაგირების ძალებს (NRF) ან თუ სხვა სიტუაცია წარიმართება. 

"[თავდაცვის] მდივანმა ოსტინმა შეერთებული შტატების სამხედროების გარკვეული ნაწილი გადასხმის მაღალ მზადყოფნაზე გადაიყვანა, რაც ზრდის ჩვენს მზაობას გადავსხათ ძალები, თუ NATO გააქტიურებს NRF-ს, ან თუ სხვა სიტუაციები განვითარდება. მდივნის მიერ მაღალ მზადყოფნაზე გადაყვანილი სამხედროების რიცხვი დაახლოებით 8 500 მოსამსახურეს უტოლდება", – თქვა პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ. 

კირბიმ ასევე დაამატა, რომ გაურკვეველი რაოდენობის სამხედროები მზად იქნებიან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვისაც. 

პენტაგონის სპიკერმა ნათლად გაუსვა ხაზი, რომ ჯერ ჯარის გადაყვანას არსად აპირებენ.

"დღეს გადასხმის ბრძანებაზე არ ვსაუბრობთ. არ გვაქვს გადასხმის ბრძანებები, რომელზეც ვილაპარაკებთ", – თქვა კირბიმ.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარის შეკრებისა და მზარდი დაძაბულობის ფონზე, NATO შეკავებისა და თავდაცვისთვის აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის

დანია ბალტიის ზღვაში ფრეგატს, ხოლო ლიტვაში F-16-ის ტიპის 4 გამანადგურებელ თვითმფრინავს გაგზავნის. ესპანეთი NATO-ს სამხედრო ფლოტისთვის დამატებითი საბრძოლო ხომალდების გაგზავნას აპირებს, ასევე განიხილავენ ბულგარეთში ავიაგამანადგურებლების გაგზავნასაც. საფრანგეთმა გამოთქვა რუმინეთში, NATO-ს გენერალიტეტის ქვეშ, სამხედროების გადასხმის მზადყოფნა. აპრილში, NATO-ს საჰაერო მოქმედებების მხარდასაჭერად ნიდერლანდები ბულგარეთში გაგზავნის F-35-ის ტიპის ორ ავიაგამანადგურებელს, ასევე, მზადყოფნაში აყენებენ საბრძოლო გემსა და სახმელეთო ძალებს NATO-ს ჩქარი რეაგირების ძალებისთვის (NRF). აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების გაგზავნას განიხილავდნენ აშშ-შიც, რაც კირბის სიტყვებით ნაწილობრივ დადასტურდა. 

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ძალების გაზრდა ხდება რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალები 1997 წლის მოცემულობას დაბრუნებოდნენ, ანუ იმ პერიოდს, სანამ NATO აღმოსავლეთში გაფართოვდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ძალების დიდი ნაწილის გაგზავნა იგეგმება სწორედ ბულგარეთში, რომელზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რუსეთს აქედან NATO-ს ჯარების გასვლა სურს.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები