დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ხორვატიის პრეზიდენტი: უკრაინის ადგილი NATO-ში არ არის

ხორვატიის პრეზიდენტის, სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ზორან მილანოვიჩის თქმით, უკრაინის ადგილი NATO-ში არ არის და საზღვართან არსებული დაძაბულობა აშშ-ს უკავშირდება.

"ისტორია შემდეგშია: უკრაინა მიდის დასავლეთის მიმართულებით და ამაზე არაფერს ეკითხება რუსეთს. მიაჩნია, რომ ევროკავშირში მას რძის მდინარეები და თაფლის საბადოები დახვდება. უკრაინა ისევ რჩება  კორუმპირებულ ქვეყანად. ევროკავშირს უკრანიისთვის არაფერი მიუცია". - თქვა მილანოვიჩმა. 

პრეზიდენტის განცხადების გამო, ხორვატიის ელჩი, ანიცა ჟამიცი, უკრაინაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა. 

ხორვატიის პრეზიდენტის თქმით,  კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, NATO-ს ძალებიდან ჯარებს გაიწვევს. რასაც დაუპირისპირდა ქვეყნის  კონსერვატიული მთავრობის წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრი გორდან გრლიჩ-რადმანი. 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მილანოვიჩის კომენტარებს არანაირი კავშირი არ აქვს მთავრობის პოზიციასთან.

"პრეზიდენტი არა ხორვატიის, არამედ საკუთარი თავის სახელით საუბრობს. ჩვენ ვართ და დავრჩებით NATO-ს ერთგულ წევრად. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციით". - თქვა გორდან გრლიჩ-რადმანმა.

ხორვატიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა კონფლიქტს უნდა განერიდოს. 

"პლენკოვიჩს [პრემიერმინისტრს] შეუძლია, დაიმუქროს რამდენიც უნდა. ხორვატია ცეცხლივით უნდა გაექცეს კონფლიქტს. ხორვატია აქ მეხანძრე ვერ იქნება". - აღნიშნა მილანოვიჩმა. 

ხორვატიის სოციალურ დემოკრატიული პარტია 1990 წელს შეიქმნა, როგორც ხორვატიის კომუნისტური ლიგის მემკვიდრე და ეწოდა ხორვატიის კომუნისტთა კავშირი - დემოკრატიული ცვლილებების პარტია

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები