ყაზახეთი

ყაზახეთში თანამდებობიდან ნაზარბაევის კიდევ ერთი ნათესავი გაათავისუფლეს

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა  ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნაზარბაევის კიდევ ერთი ნათესავი თანამდებობიდან გაათავისუფლა.  პრეზიდენტის პრესსამსახურის თქმით,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ბერიკ იმაშევი ნურლან აბდიროვმა ჩაანაცვლა.

იმაშევი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2016 წლის სექტემბრიდან მართავდა. მისი ქალიშვილი აიდა იმაშევა ნაზარბაევის შვილიშვილზე, ნურალი ალიევზეა დაქორწინებული.

ამასთანავე, ყაზახეთის დამოუკიდებელი ფონდის, სამრუქ-კაზინის ცნობით,  შვიდმა მთავარმა მენეჯერმა დატოვა თანამდებობა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მოსალოდნელი შემცირების შესახებ განაცხადა. 

17 იანვარს, ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი, სამათ აბიშ სათიბალდი ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

თანამდებობა ასევე დატოვა ნაზარბაევის მილიარდელმა ძმისშვილმა, ტიმურ კულიბაევმა, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნების მთავარი ბიზნეს ლობის ხელმძღვანელი იყო.

15 იანვარს  ნაზარბაევის ოჯახის ორმა წევრმა ნავთობისა და გაზის გადამზიდი სახელმწიფო კომპანიებში მნიშვნელოვანი თანამდებობები დატოვეს. ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილის მეუღლემ - კაირიატ შარიპბაევმა ნავთობსადენის კომპანია - KazTransOil, უმცროსი ქალიშვილის მეუღლემ კი ბუნებრივი აირის კომპანია - QazaqGaz დატოვა. 

თოყაევის განმარტებით, დროა პრივილეგირებულმა პირებმა ნაზარბაევის მმართველობის დროს დაგროვილი ქონება საზოგადოებას გაუზიარონ. 


ყაზახეთში საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში 2 იანვარს დაიწყო. პროტესტის თავდაპირველი მიზეზი საწვავის ფასის გაძვირება გახდა, თუმცა მალევე აქციებმა ანტისამთავრობო ხასიათი მიიღეს. აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აყთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც.

მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო. თოყაევი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა და დემონსტრაციები რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

5 იანვარს მასობრივი საპროტესტო აქციების და არეულობის ფონზე, თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) "ტერორისტული საფრთხის" დაძლევისთვის სამშვიდობო ძალების გამოგზავა სთხოვა. რუსეთმა ყაზახეთში საჰაერო სდესანტო ძალების ქვედანაყოფი გადასხა. ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების თანახმად, მთლიანობაში ყაზახეთში 2 000-მდე სამშვიდობო გაიგზავნა. 

10 იანვარს უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლის ქვეშაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 10 000-მდე ადამიანი. საპროტესტო აქციების ფონზე დაპირისპირების შედეგად დაღუპულები არიან როგორც სამართალდამცველები, ასევე – დემონსტრანტები. არსებული ინფორმაციით, მოვლენებს ორივე მხარეს 160-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთელ ქვეყანაში სანაგნებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. პრეზიდენტის ბრძანებით, სამხედროებს დემონსტრანტებისთვის გაფრთხილების გარეშე სროლა შეეძლოთ.

ყაზახეთის მოვლენებთან დაკავშირებით, არსებობდა ვარაუდები, რომ ქალაქ ალმათიში არეულობა ორ პოლიტიკურ ძალას შორის ძალაუფლებისთვის დაპირისპირებას მოჰყვა და ერთმანეთთან დაპირისპირებული იყვნენ პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი და ექსპრეზიდენტი ნაზარბაევის წრის წარმომადგენლები. ვრცლად ყაზახეთის მოვლენებისა და არსებული სპეკულაციების შესახებ წაიკითხეთ აქ – არეულობა ყაზახეთში – ფერადი რევოლუციის მცდელობა თუ სამეფო კარის თამაშები ყაზახურად.

კომენტარები