დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინიდან საელჩოს თანამშრომლების გაყვანა დაიწყო

ვოლოდიმირ ზელენსკი და ბორის ჯონსონი
GOV.UK , 2020 წლის 8 აგვისტო

რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინიდან საელჩოს თანამშრომლების ნაწილის ეტაპობრივად გაყვანის პროცესი დაიწყო. BBC-ის ინფორმაციით, კიევს ბრიტანული დიპლომატიური კორპუსის თითქმის ნახევარი დატოვებს.  

საგარეო უწყების ცნობით, საელჩოს თანამშრომლებს პირდაპირი საფრთხე არ ემუქრებათ და ქვეყნიდან დიპლომატების ნაწილის გაყვანა მხოლოდ უსაფრთხოების ზომაა. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. 24 იანვარს სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს ნებაყოფლობით უკრაინის დატოვების უფლება მისცა, ხოლო თანამშრომლების ოჯახის წევრების ქვეყნის დატოვების მითითება მისცა.     

"ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და ასევე ვრჩებით დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის, ჩვენი დიპლომატების და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების დაცვის ერთგული. შეერთებული შტატები ხაზს უსვამს, რომ აშშ-ს საელჩო კიევში რჩება ღია ჩვეულ სამუშაო რეჟიმში. ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ მისის წევრებისთვის ქვეყნის დატოვების უფლების მიცემა არ იქონიებს გავლენას უკრაინის გარშემო რუსეთის შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზაციის გადასაჭრელად დიპლომატიური გადაწყვეტის ძიებაზე." – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გასცა დამატებითი რეკომენდაცია თავისი მოქალაქეებისთვის, არ ჩასულიყვნენ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გაზრდილი საფრთხის გამო. ძალაშია გაფრთხილების მეოთხე დონე. 

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო AFP-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ საელჩო გაფრთხილებულია, რომ რუსეთი უკრაინაში "ნებისმიერ დროს" შეიძლება შეიჭრას. 


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

 

კომენტარები