კულტურის სამინისტრო

"კულьტУРА საიმედო ხელშია!" – კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

"კულьტУРА საიმედო ხელშია! დიდება პარტიას კულტურის მტრების გამოვლენისთვის" – ამ და სხვა ლოზუნგებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურის სფეროში შემავალი სხვა სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლებას აპროტესტებენ. ისინი მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებებს "ბოლშევიკურ წმენდას" უწოდებენ.

"ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში და არ ვცხოვრობთ საქართველოს საბჭოთა სოციალურ რესპუბლიკაში, ამიტომ, იდეოლოგიური მიზანშეწონილობის მიხედვით, პროფესიონალების შეფასება არ უნდა ხდებოდეს, თითოეული გათავისუფლებული ადამიანი სამაგალითო სპეციალისტი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს სფეროში. მართალია, მინისტრმა და მისმა შედგენილმა კომისიამ მათ კომპეტენცია დაუწუნა, მაგრამ ამ კომისიას არ შეუძლია შეაფასოს მათი კომპეტენცია. კომისია შედგება იურისტებისგან და მათ არც ჰქონიათ მიზნად კომპეტენციაზე დაფიქრება". – თქვა ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ეკა კიკნაძემ.

მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის დირექტორად ნიკა ახალბედაშვილი დანიშნა, მუზეუმიდან 10-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს, მათ შორის, კურატორები – ნანა ბურჭულაძე, ნინო ხუნდაძე და ნინო ჩიხლაძე. ისინი გათავისუფლებას მუზეუმში მიმდინარე პროცესების მიმართ თავიანთ კრიტიკულ დამოკიდებულებას უკავშირებენ.

რეორგანიზაციის სახელით 36 თანამშრომელი გაათავისუფლეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდანაც. სააგენტოს ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ.

კომენტარები