NATO- საქართველო

დიდი ბრიტანეთი: მითია, რომ საქართველო NATO-ში ვერ გაწევრიანდება

EPA-EFE/ ZURAB KURTSIKIDZE

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, მითია, რომ საქართველო NATO-ში ვერ გაწევრიანდება. საელჩო მითებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს.

"სიმართლეა: 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ საქართველო გახდებოდა NATO-ს წევრი. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს ამ შეთანხმებას. NATO-ში გაწევრიანება აპლიკანტი ქვეყნისა და NATO-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია.

რუსეთს არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს სუვერენული სახელმწიფოს ალიანსში გაწევრიანებას ან შეაჩეროს ეს პროცესი". – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები