მიხეილ სააკაშვილი

"ნერვული აშლილობა, დეპრესია, სისუსტე" – კონსილიუმის შემაჯამებელი დასკვნა სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემაჯამებელი დასკვნა გამოაქვეყნა. ეს ექიმთა კონსილიუმის მესამე დასკვნაა, რომელსაც ხელს 8 სამედიცინო ექსპერტი აწერს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ამ სამი ვიზიტის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით, არსებითი ცვლილებები არ მომხდარა. ლომჯარიას თქმით, ამ დრომდე შეუსრულებელია კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე, რომელიც კონსილიუმმა რეკომენდაციად ნოემბრის ბოლოს გასცა.

"თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება, როგორც მკურნალობის მეთოდოლოგიის, ასევე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დამატებით კიდევ განვახორციელოთ ვიზიტი, რადგან, უკვე სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომებისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, არსებითი ცვლილებები არაა. ამიტომ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს ანგარიში, შეფასებები და რეკომენდაციები იქნება შემაჯამებელი შეფასებები პაციენტის მდგომარეობის და საჭირო, აუცილებელი სამედიცინო დახმარების თაობაზე". – ამბობს ნინო ლომჯარია.

ექიმთა კონსილიუმის ერთ-ერთი წევრის, თენგიზ წულაძის თქმით, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე საყურადღებოა.

"კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, არ გაუმჯობესებულა 12 დეკემბრის ვიზიტის მერე. გამოხატულია პოლინეიროპათიის სიმპტომატიკა, მხედველობითი სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე რჩება ანემია, თუმცა ეს მანამდეც იყო და პოსტტრავმული ნერვული აშლილობა და დეპრესია, რომელიც არ შეფასებულა ბოლო ვიზიტზე, თუმცა, ვიხელმძღვანელეთ 12 დეკემბრის ვიზიტით და დაახლოებით იგივე მდგომარეობითაა ახლაც". – ამბობს თენგიზ წულაძე.

კონსილიუმის დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში, გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რაც საპატიმროს პირობებში "ნაკლებად რეალისტურია", თუმცა, არა შეუძლებელი. კონსილიუმის წევრების განმარტებით, ეს მიხეილ სააკაშვილის კვების რეჟიმის აღდგენასაც შეუწყობს ხელს.


29 დეკემბერს, ღამით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანესქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, პენიტენციურ სამსახურს კი საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. უწყების მიერ მანამდე გამოქვეყნებული განცხადებით, ექიმებმა სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გაწერის გადაწყვეტილება ექიმებმა მიიღეს.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები სააკაშვილის გადაყვანას 27 დეკემბერსაც ცდილობდნენ - სააკაშვილმა დაწერა, რომ მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილა, მისი გადაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა.

28 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ სამინისტროს ვალდებულებაა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწერილი პატიმარი პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნოს.

ერთიანი ანციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.


მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. 20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურნალობას კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს.

კომენტარები