ნოვაკ ჯოკოვიჩი

ნოვაკ ჯოკოვიჩი სასამართლო მოსმენამდე დააკავეს

ნოვაკ ჯოკოვიჩი

სერბი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიიდან მისი დეპორტაციის საკითხის სასამართლო მოსმენამდე დააკავეს. ჯოკოვიჩი კვლავ საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში გადაიყვანეს. სასტუმროში ის დღეს, 15 იანვარს წინასწარი მოსმენის შემდეგ დაბრუნდა.

სერბ ჩოგბურთელს ვიზა ხელმეორედ გუშინ, 14 იანვარს გაუუქმეს. ავსტრალიის მთავრობის მიხედვით, ის ქვეყნის ჯანდაცვისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჯოკოვიჩის ადვოკატები გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ და მას არარაციონალურს უწოდებენ. სასამართლო მოსმენა 16 იანვარს ჩატარდება.

ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა პირველად 6 იანვარს გაუუქმეს. ქვეყანაში ის ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობისთვის ჩავიდა. სასაზღვრო პოლიციის თანახმად, ჯოკოვიჩმა ვერ წარმოადგინა საკმარისი საბუთი, რომ აუცრელს გამონაკლისის სახით ქვეყანაში შესვლის ნებართვა ჰქონდა. სპორტსმენმა რამდენიმე დღე საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში გაატარა.

ჯოკოვიჩმა სასაზღვრო პოლიციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლო დავაში გაიმარჯვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მესაზღვრის გადაწყვეტილება ვიზის გაუქმებაზე არაგონივრული იყო. თუმცა 14 იანვარს ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰავკმა ჯოკოვიჩს ვიზა ხელმეორედ გაუუქმა. ავსტრალიის საიმიგრაციო კანონმდებლობით ჰავკს უფლება აქვს, დაადეპორტოს პირი, რომელიც მისი აზრით, "ავსტრალიის საზოგადოების ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და წესრიგს" საფრთხეს უქმნის.

აღსანიშნავია, რომ ვიზის ხელმეორედ გაუქმებდამდე სერბმა ჩოგბურთელმა დაადასტურა, რომ გასულ თვეს Covid-19-ის დადასტურების შემდეგ იზოლაციის წესები დაარღვია. Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯოკოვიჩი წერს, რომ 16 დეკემბერს Covid-19-ის დადასტურებიდან ორ დღეში ჟურნალისტს ინტერვიუსთვის შეხვდა.

ჯოკოვიჩი ავსტრალიის სლემის მოქმედი ჩემპიონია, სულ ჩოგბურთელს 9 Australian Open-ის ტიტული აქვს მოპოვებული. ბოლოს სერბმა ვირტუოზმა US Open-ის ფინალში ითამაშა და რუს მეტოქესთან დანილ მედვედევთან დამარცხდა.

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება.

კომენტარები