ნოვაკ ჯოკოვიჩი

აუცრელობის გამო ჯოკოვიჩმა, შეიძლება, საფრანგეთის ღია პირველობაშიც ვერ მიიღოს მონაწილეობა

ნოვაკ ჯოკოვიჩი

სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, შეიძლება, აუცრელობის გამო საფრანგეთის ღია პირველობაშიც ვერ მიიღოს მონაწილეობა. საფრანგეთის სპორტის სამინისტროს ცნობით, ახალი რეგულაციების ფარგლებში გამონაკლისები არავისთვის იქნება დაშვებული. საფრანგეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა კანონი, რომელიც არავაქცინირებულ ადამიანებს რესტორნებში, სპორტულ მოედნებსა და სხვა დაწესებულებებში შესვლას უკრძალავს.

"წესი მარტივია. კანონის ამოქმედების შემდეგ იმ დაწესებულებებში სადაც ჯანმრთელობის საშვი მოქმედებდა, ვაქცინის საშვი ამოქმედდება. ეს ყველას შეეხება, მაყურებელსაც და ათლეტსაც." – ამბობენ სპორტის სამინისტროში.

სამინისტროს თქმით, იქიდან გამომდინარე რომ საფრანგეთის ღია პირველობა მაისში იქნება, ეპიდმდგომარეობა შეიძლება დადებითად შეიცვალოს, მაგრამ "ცხადია, გამონაკლისები არ იქნება".

აუცრელობის გამო ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა გაუუქმეს და შემდეგ ქვეყნიდან გააძევეს. ჩოგბურთელმა ავსტრალია გუშინ, 16 იანვარს დატოვა. მან ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

კომენტარები