ნოვაკ ჯოკოვიჩი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალია დატოვა

ნოვაკ ჯოკობიჩი მელბურნის აეროპორტში

სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალია დატოვა. ჩოგბურთელი ქვეყნიდან The Emirates-ის რეისით მელბურნის აეროპორტიდან გაფრინდა. მისი გაფრენა დაადასტურა ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა ალექს ჰავკმა.

ჯოკოვიჩმა დღეს, 16 იანვარს ვიზის გაუქმებასთან დაკავშირებული სასამართლო დავა წააგო და ის ქვეყნიდან გააძევეს.

ჩოგბურთელი ვეღარ დაესწრება ავსტრალიის ღია პირველობას, რომელიც 17 იანვარს იწყება.

ჩოკოვიჩს ვიზა ხელმეორედ 14 იანვარს გაუუქმეს. ავსტრალიის მთავრობის მიხედვით, ის ქვეყნის ჯანდაცვისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჯოკოვიჩის ადვოკატები გადაწყვეტილებას არარაციონალურს უწოდებდნენ და ის გაასაჩივრეს. დავის წაგების შემთხვევაში ჯოკოვიჩს ქვეყნიდან გაძევება და ახალი ვიზის მიღებაზე სამწლიანი აკრძალვა ემუქრებოდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა პირველად 6 იანვარს გაუუქმეს. ქვეყანაში ის ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობისთვის ჩავიდა. სასაზღვრო პოლიციის თანახმად, ჯოკოვიჩმა ვერ წარმოადგინა საკმარისი საბუთი, რომ აუცრელს გამონაკლისის სახით ქვეყანაში შესვლის ნებართვა ჰქონდა. სპორტსმენმა რამდენიმე დღე საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში გაატარა.

ჯოკოვიჩმა სასაზღვრო პოლიციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლო დავაში გაიმარჯვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მესაზღვრის გადაწყვეტილება ვიზის გაუქმებაზე არაგონივრული იყო. თუმცა 14 იანვარს ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰავკმა ჯოკოვიჩს ვიზა ხელმეორედ გაუუქმა. ავსტრალიის საიმიგრაციო კანონმდებლობით ჰავკს უფლება აქვს, დაადეპორტოს პირი, რომელიც მისი აზრით, "ავსტრალიის საზოგადოების ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და წესრიგს" საფრთხეს უქმნის.

აღსანიშნავია, რომ ვიზის ხელმეორედ გაუქმებდამდე სერბმა ჩოგბურთელმა დაადასტურა, რომ გასულ თვეს Covid-19-ის დადასტურების შემდეგ იზოლაციის წესები დაარღვია. Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯოკოვიჩი წერს, რომ 16 დეკემბერს Covid-19-ის დადასტურებიდან ორ დღეში ჟურნალისტს ინტერვიუსთვის შეხვდა.

ჯოკოვიჩი ავსტრალიის სლემის მოქმედი ჩემპიონია, სულ ჩოგბურთელს 9 Australian Open-ის ტიტული აქვს მოპოვებული. ბოლოს სერბმა ვირტუოზმა US Open-ის ფინალში ითამაშა და რუს მეტოქესთან დანილ მედვედევთან დამარცხდა.

კომენტარები