NATO-რუსეთი

რიაბკოვი: აშშ და NATO არანაირი სახით არ არიან მზად ჩვენი მოთხოვნების მიღებისთვის

სერგეი რიაბკოვი
МИД России / Global Look Press

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა NATO-რუსეთის საბჭოს სამიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მთავარ პრობლემაზე ისაუბრა.

"მთავარი პრობლემა: ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები NATO-ში არანაირი სახით, არანაირი მიზეზით, რომლებიც თითქოსდა ყოველმხრივ მრავალჯერ იყო განხილული და გაანალიზებული, რომლებსაც თავად შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები წარმოადგენენ, არ არიან მზად ჩვენი ძირითადი მოთხოვნების მიღებისთვის." – თქვა რიაბკოვმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, შეხვედრაზე რუსეთმა წარადგინა დოკუმენტების პროექტები და მზად არის მუშაობისთვის, რათა მათ შეთანხმების სახე მიიღონ.

"დღეს ეს შეუძლებელია, რადგან ამ ტექსტების ძირეულ საკითხებზე შეერთებული შტატები და მათი მოკავშირეები ფაქტობრივად "არას" გვეუბნებიან." – თქვა რიაბკოვმა.

რიაბკოვმა აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებში აშშ მზად არის მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის, მაგრამ დიპლომატის თქმით ეს "NATO-ს გაფართოების შეწყვეტასთან შედარებით მეორეხარისხოვანია".

აღსანიშნავია, რომ რიაბკოვის განცხადებების შემდეგ შემცირდა რუბლის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით, მოსკოვის ბირჟის ინდექსი კი 2.23%-ით დაეცა.

12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სამიტი გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO მზადაა რუსეთთან დეტალური დისკუსიისთვის, რათა შემუშავდეს კონკრეტული წინადადებები და მიღწეული იყოს კონსტრუქციული შედეგები. სტოლტენბერგმა ჩამოთვალა რა შეთავაზებები აქვს ალიანსს რუსეთთან და რა საკითხებითაა დაინტერესებული. ეს საკითხები მოიცავს მეტ გამჭვირვალობას სამხედრო წვრთნებზე, შეიარაღების კონტროლის, განიარაღების, ბირთვული პოლიტიკის გადახედვას და რაკეტების განთავსებაზე ორმხრივი შეზღუდვების შემოღების შესაძლებლობას.

შეხვედრაზე რუსეთმა კვლავ წამოაყენა დეკემბერში გამოქვეყნებული მოთხოვნები, მათ შორის გარანტიების მიღების სურვილი, რომ NATO აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და ალიანსის წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამხედრო კონტინგენტი შემცირდება.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები