საქართველო-ნატოს ურთიერთობა

ზალკალიანი: NATO-ს გადაწყვეტილებები საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით არ შეიცვლება

საქართველოს მთავრობა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, რუსეთის მკაცრი რიტორიკის მიუხედავად, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – NATO-სა და აშშ-ს პოზიცია უცვლელია და  ალიანსის გაფართოება მხოლოდ NATO-ში გაწევრიანების მსურველი ქვეყნისა და თავად ალიანსის გადასაწყვეტია.

"ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან, ასევე NATO-სთან. მოგეხსენებათ, სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანთან. ის გახლავთ მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან უსაფრთხოების დიალოგის მიმართულებით. ასევე სატელეფონო საუბარი მქონდა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან და ორივე საუბრის შინაარსი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი პარტნიორების პოზიცია საქართველოსთან მიმართებით არის ურყევი, შეუცვლელი. მიუხედავად იმ მოთხოვნებისა და ძალიან მძაფრი რიტორიკისა, რომელიც ჩვენ გვესმის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია არის ძალიან მყარი. მათ რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ, ორმხრივი დიალოგის ფარგლებში მკაფიოდ განუმარტეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსების არჩევანი არის იმ ქვეყნის გადასაწყვეტი, რომელსაც სურს ნატო-ში გაწევრიანება.

აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, დღესაც რუსეთ-ნატოს კომისიის ფარგლებში მიმდინარე განხილვებზე, ჩვენი ნატო-ელი პარტნიორების პოზიცია იქნება უცვლელი, იქნება ძალიან მყარი. კიდევ ერთხელ ეტყვიან რუსეთის ფედერაციას, რომ NATO-ს გადაწყვეტილებები საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით არ გადაიხედება." – ამბობს ზალკალიანი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

11 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა NATO-ში, ჯულიან სმიტმა ორგანიზაციის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "კარის დახურვის უფლება არავის არ აქვს". სმიტის თქმით, მართალია, მოკავშირეები გამოთქვამენ მზაობას რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას NATO-სგან პასუხი აუცილებლად მოჰყვება. 


10 იანვარს აშშ-სა და რუსეთს შორის ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა. მხარეების პოზიციები უცვლელია უკრაინასთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. დაკავშირებით. ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი. შეხვედრაზე რუსეთმა კვლავ გაიმეორა 17 დეკემბერს წაყენებული მოთხოვნები, რაზეც აშშ-ს მხარე ამბობს, რომ მიუღებელია. რიაბკოვის თქმით, რუსეთს სჭირდება გარანტიები, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ში არ შევლენ.

11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები