კორონავირუსი მსოფლიოში

კვებეკი გეგმავს, არავაქცინირებულ კანადელებს ჯანდაცვის გადასახადი დაუწესოს

კანადის პროვინცია, კვებეკი გეგმავს, კოვიდის წინააღმდეგ არავაქცინირებულ მაცხოვრებლებს ჯანდაცვის გადასახადი დაუწესოს.

კანადაში კვებეკს კოვიდთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ამჟამად იგი ინფიცირებულთა რეკორდულ ზრდას ებრძვის. მართალია, კვებეკის მოსახლეობის მხოლოდ 15% არ არის ვაქცინირებული, მაგრამ ისინი ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა თითქმის ნახევარს წარმოადგენენ. 

კვებეკის პრემიერმინისტრის თქმით, კვებეკი კანადაში პირველი პროვინცია იქნება, რომელიც არავაქცინირებულებს ფინანსურ სანქციას დაუწესებს. 

"მოსახლეობის 90%-მა მსხვერპლი გაიღო.  სამართლიანობისთვის, მნიშვნელოვანია დარჩენილ არავაქცინირებულ მოსახლეობასაც მოვთხოვოთ კონტრიბუცია". - აღნიშნავს პრემიერმინისტრი. 

გადასახადის ზუსტი ოდენობა ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა პრემიერმინისტრის თქმით, იგი საგრძნობლად მაღალი იქნება. 

კვებეკი არ არის ერთადერთი რეგიონი, რომელიც არავაქცინირებულებს ფინანსურ სანქციას უწესებს. 

საბერძნეთში 60 წელს გადაცილებულებს არავაქცინირებულად დარჩენილ ყოველ თვეზე €100 ოდენობის ჯარიმა დაუწესდათ. სინგაპურში კი არავაქცინირებული კოვიდპაციენტები ვალდებულები არიან, თავად გადაიხადონ მკურნალობის საფასური.

კომენტარები