საპროტესტო აქციები ყაზახეთში

ბორელი: მზად ვართ, დავეხმაროთ ყაზახეთს კრიზისის მშვიდობიანად გადაწყვეტაში

ჯოზეფ ბორელი
European Interest

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ბორელის თქმით, ევროკავშირი მზად არის ყაზახეთს კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტაში დაეხმაროს.

"შეშფოთებული ვართ იმ ძალადობით, რომელმაც ყაზახეთში მშვიდობიანი პროტესტის შემდეგ იფეთქა. ყაზახეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ძალაშია გაძლიერებული პარტნიორობის და თანამშრომლობის შეთანხმება. [შეშფოთებული ვართ] რეგიონის სტაბილურობის გამო.

ღრმად ვწუხვართ დაღუპულთა გამო და მტკიცედ ვგმობთ ფართოდ გავრცელებულ ძალადობას. მნიშვნელოვანია შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდება, ძალადობის წახალისების არიდება და თავშეკავების გამოჩენა ყველა მდგომარეობაში, არეულობის გამოყენება სხვა მიზნების მისაღწევად.

მზად ვართ, დავეხმაროთ ყაზახეთს კრიზისის მშვიდობიანად გადაწყვეტაში. გარე სამხედრო დახმარების ძალებმა პატივი უნდა სცენ ყაზახეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს.

მოვუწოდებთ ყაზახეთის ხელისუფლებას შეასრულოს თავისი ვალდებულებები ამ რთულ დროს, მათ შორის პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, მოქალაქეების ფუნდამენტურ თავისუფლებებს, განსაკუთრებით შეკრების, გამოხატვის და მედიის თავისუფლებას." – ნათქვამია განცხადებაში.

ყაზახეთში საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში 2 იანვარს დაიწყო. პროტესტის თავდაპირველი მიზეზი საწვავის ფასის გაძვირება გახდა, თუმცა მალევე აქციებმა ანტისამთავრობო ხასიათი მიიღეს. აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია 5 000-ზე მეტი ადამიანი. საპროტესტო აქციების ფონზე დაპირისპირების შედეგად დაღუპულები არიან როგორც სამართალდამცველები, ასევე დემონსტრანტები. მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პრეზიდენტის ბრძანებით, სამხედროებს მომიტინგეებისთვის გაფრთხილების გარეშე სროლა შეუძლიათ.

მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო. თოყაევი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაზარბაევმა ქვეყანა დატოვა, თუმცა ინფორმაციას უარყოფს მისი პრესსპიკერი.

თოყაევმა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან გამკლავებისთვის დახამრება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ). ОДКБ-მ ყაზახეთში სამხედრო ძალების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში სამხედროების შეყვანა პირველმა რუსეთმა დაიწყო. ОДКБ-ს მისიის ფარგლებში დასრულდა ყაზახეთში სომეხი სამხედროების გადაყვანაც.

Reuters-თან საუბარში ყაზახმა დისიდენტმა, ბანკირმა, პოლიტიკური პარტიის – ყაზახეთის დემოკრატიული არჩევნის ლიდერმა და ყაზახეთის ენერგეტიკის ყოფილმა მიინისტრმა, მუხთარ აბლიაზოვმა თავს ოპოზიციის ლიდერი უწოდა და დასავლეთს დახმარებისკენ მოუწოდა.

კომენტარები