საპროტესტო აქციები ყაზახეთში

ყაზახეთში, ალმათიში აქციების დროს 11 წლის ბავშვი დაიღუპა

ალმათი, ყაზახეთი. 7 იანვარი, 2022
Getty Images

ყაზახეთში, ქალაქ ალმათიში საპროტესტო აქციების დროს 11 წლის ბავშვი დაიღუპა. ინფორმაცია ბავშთა ომბუდსმენა არუშან საინმა გამოცემა Interfax-ს დაუდასტურა.

ომბუდსმენის თქმით, ბავშვი 5 იანვარს მშობლებთან ერთად სეირნობის დროს დაჭრეს. მომხდარის სხვა გარემოებები უფლებადამცველს არ გაუმჟღავნებია.

არუშან საინის თქმით, ამლათის ერთ-ერთი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 15 წლის მოზარდი. ცეცხლსასროლი ჭრილობით საავადმყოფოში იმყოფება მოზარდის მამაც.

"მოზარდი მამასთან ერთად მანქანით მგზავრობდა, როდესაც მანქანა ბოევიკებმა დაცხრილეს" – თქვა ომბუდსმენმა.


ყაზახეთში საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში 2 იანვარს დაიწყო. პროტესტის თავდაპირველი მიზეზი საწვავის ფასის გაძვირება გახდა, თუმცა მალევე აქციებმა ანტისამთავრობო ხასიათი მიიღეს. აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც.

მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო. თოყაევი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

5 იანვარს მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს.

თოყაევმა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან გამკლავებისთვის დახამრება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ). ОДКБ-მ ყაზახეთში სამხედრო ძალების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში სამხედროების შეყვანა პირველმა რუსეთმა დაიწყო. ОДКБ-ს მისიის ფარგლებში დასრულდა ყაზახეთში სომეხი სამხედროების გადაყვანაც.

Reuters-თან საუბარში ყაზახმა დისიდენტმა, ბანკირმა, პოლიტიკური პარტიის – ყაზახეთის დემოკრატიული არჩევნის ლიდერმა და ყაზახეთის ენერგეტიკის ყოფილმა მიინისტრმა, მუხთარ აბლიაზოვმა თავს ოპოზიციის ლიდერი უწოდა და დასავლეთს დახმარებისკენ მოუწოდა.

კომენტარები