საპროტესტო აქციები ყაზახეთში

ზურაბიშვილი: ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული მდგომარეობით, ვგმობ ძალადობას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში არსებულ მდგომარეობას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს.

"ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებულო მდგომარეობით. ვგმობ ძალადობას, რომელიც ვნახეთ და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს. მოქალაქეთა უფლებები და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. 

ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა, მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება". – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.

საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად ძირითადად თხევად გაზს იყენებენ.

მოგვიანებით აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მთავრობა გადადგა, პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი კი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს მერიის შენობა.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია მთელ ქვეყანაში.

ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს.

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ (ОДКБ) ყაზახეთში ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყაზახეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება  სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. რუსეთმა, ОДКБ-ს კონტინგენტის ფარგლებში, ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო.

Reuters-თან საუბარში ყაზახმა დისიდენტმა, ბანკირმა, პოლიტიკური პარტიის – ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანის ლიდერმა და ყაზახეთის ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, მუხთარ აბლიაზოვმა თავს ოპოზიციის ლიდერი უწოდა და დასავლეთს დახმარებისკენ მოუწოდა.

კომენტარები