საპროტესტო აქციები ყაზახეთში

საგარეო: ყაზახეთიდან დღეს საქართველოს 3 მოქალაქე დაბრუნდება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ქუთაისი-ნურ-სულთანის რეისით დღეს საქართველოს 3 მოქალაქე დაბრუნდება. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში დაბრუნებას კიდევ 60 მოქალაქე გეგმავს.

"ყახაზეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, დამატებით გაცნობებთ რომ ყახაზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აქტიურ კომუნიკაციაში ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. ამ დროისთვის საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით კომპანია FlyArystan-ის მიერ ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისით, სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 3 მოქალაქე , ხოლო იმ შემთხვევაში თუ შესრულდა ქალაქ აქტაუს მიმართულებით რეისი, ამ დროისთვის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს საქართველოს 60 მოქალაქე". – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]. ასევე ისარგებლონ საელჩოს საკომუნიკაციო არხებით სოციალურ ქსელებში.


ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.

საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად ძირითადად თხევად გაზსს იყენებენ.

მოგვინებით აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მთავრობა გადადგა, პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი კი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს მერიის შენობა.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია მთელ ქვეყანაში.

ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს.

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ (ОДКБ) ყაზახეთში ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყაზახეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება  სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. რუსეთმა, ОДКБ-ს მისიის ფარგლებში, ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო.

Reuters-თან საუბარში ყაზახმა დისიდენტმა, ბანკირმა, პოლიტიკური პარტიის – ყაზახეთის დემოკრატიული არჩევნის ლიდერმა და ყაზახეთის ენერგეტიკის ყოფილმა მიინისტრმა, მუხთარ აბლიაზოვმა თავს ოპოზიციის ლიდერი უწოდა და დასავლეთს დახმარებისკენ მოუწოდა.

კომენტარები