კორონავირუსი მსოფლიოში

WHO-ს ხელმძღვანელი: 2022 წელს პანდემია დასრულდება, თუ ქვეყნები ერთად იმუშავებენ

AP

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს გებრეისუსის თქმით, ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ 2022 წელს პანდემია დასრულდება, თუ ქვეყნები ინფიცირების გავრცელების შესაკავებლად ერთობლივად იმუშავებენ. 

გებრეისუსმა გამოსვლაში აღნიშნა, რომ კორონავირუსის პირველი ნიშნების გამოვლენიდან 2 წლის თავზე, ახლა კიდევ უფრო ბევრი საშუალება არსებობს მის სამკურნალოდ. მან ქვეყნები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ ვაქცინების უთანასწორო განაწილება ზრდის ვირუსის გავრცელებისა და მუტაციების რისკს.

"ზოგიერთი ქვეყნის ვიწრო ნაციონალიზმმა, ვაქცინების დაგროვებამ ძირი გამოუთხარა თანასწორობას და შექმნა იდეალური პირობები ომიკრონის შტამის გასავრცელებლად. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება უთანასწორობა, მით უფრო მაღალია ვირუსის ფორმირების რისკები ისე, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ მის პრევენციასა და პროგნოზირებას. თუ დავასრულებთ უთანასწორობას, ჩვენ დავასრულებთ პანდემიას". – თქვა გებრეისუსმა.

გებრეისუსის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია, რომ 2022 წლის ივლისისთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოსახლეობის 70% აცრილი იყოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 288 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. მსოფლიოს მასშტაბით, გარდაიცვალა 5.44 მილიონზე მეტი ადამიანი.

კომენტარები