სახელწმიფო ინსპექტორის სამსახური

"ძალიან საშიში გზავნილია ყველა უწყებისთვის" – თოლორაია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ეხმაურება. თოლორაიას შეფასებით, გადაწყვეტილება ყველა უწყებისათვის, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტიანი მუშაობისთვის საშიში გზავნილია.

საქართველოს პარლამენტმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც არჩევითი თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გააუქმა. საბედნიეროდ, საქართველოს პარლამენტმა ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების წევრების 3-დღიანი ბრძოლის შემდეგ შეცვალა დამოკიდებულება სამსახურის თანამშრომლების მიმართ და ისინი გადაანაწილა იმ 2 ახალ უწყებაში, რომელიც დღეს მიღებული კანონით უნდა შეიქმნას. თუმცა, ეს არ ცვლის შედეგს. დამოუკდიებელი სახელმწიფო ინსტიტუტი გაუქმებულია და იგი აღარ არსებობს. არ მგონია, ამ გზავნილის შემდეგ რომელიმე თანამდებობის პირმა შეძლოს დამოუკიდებლად მისი საქმიანობის წარმართვა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ცხადია, ეს არის ძალიან საშიში გზავნილი ყველა უწყებისათვის, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტიანი მუშოაბისათვის და ადამიანის უფლებებისთვის. 

მიღებული კანონის თანახმად, სამსახურიდან გაგვათავისუფლეს მე და ჩემი მოადგილეები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის მიუღებელი იყო დამოუკიდებელი ორგანო დამოუკიდებელი ხელმძღვანელებით. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ კიდევ ერთხელ ყველამ დავინახეთ, რომ მიუღებელია ობიექტური და კანონიერი შეფასებები

თოლორაიას თქმით, პარლამენტში კანონპროექტის განხილვაზე საკუთარ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო, თუმცა, პასუხების გაცემის ნაცვლად ქართული ოცნების წევრები მხოლოდ იმით ინტერესდებოდნენ, თუ საიდან მოიპოვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ის კანონპროექტი, რომელიც მათთვის გაგზავნის ვალდებულებაც, თოლორაიას თქმით, პარლამენტს კანონით აქვს დაკისრებული.  

პარლამენტის წევრებს, ვინც დღეს ამ კანონის მხარდაჭერის ღილაკს ხელი დააჭირა, შევახსენებ, რომ საზედამხედველო უწყებებს ქვეყნები არ ქმნიან იმისთვის, რომ უპირობოდ დაეთანხმნონ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, საზედამხედველო უწყებებს განვითარებულ ქვეყნებში ქმნიან იმისთვის, რომ თავისი პრინციპული სიტყვა თქვას მაშინ, როდესაც სახელმწიფო უწყებები არღვევენ ადამიანის უფლებებს. ამის საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა არავის მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მხოლოდ და მხოლოდ კანონით მოქმედებდა. 

თქვენ, საქართველოს პარლამენტმა, დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელის სხვის პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევისა და სხვისი მონაცემების უკანონო გამოყენებისთვის პასუხისმგებლობას თამამად აკისრებდა საჯარო დაწესებულებებს. ამის არაერთი მაგალითი გახსოვთ. დღეს თქვენ გააუქმეთ უწყება, რომელიც იყო პირველი, რომელმაც თქვა, რომ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებზე უნდა ჩატარებულიყო დროული და ეფექტიანი გამოძიება. დღეს თქვენ საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელიც შეზღუდული საკანონმდებლო, ადამიანური, ფინანსური რესურსებით აკეთებდა მაქსიმუმს, რომ გამოეძიებინა მოხელეთა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები. დღეს თქვენ საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელსაც მუდმივად უწევდა ბრძოლა იმისთვის, რომ როგორმე დასჯილიყვნენ ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი მოქალაქეები. დღეს თქვენ ამ ქვეყანას გაუუქმეთ უწყება, რომელიც ბედავდა და ხმამაღლა ამბობდა, რომ მას უქმნიდნენ პრობლემებსა და დაბრკოლებებს მტკიცებულებების მოპოვების პროცესში, რომლებიც აუცილებელი იყო მოძალადე მოხელეების დასასჯელად. თქვენ დღეს გააუქმეთ უწყება, რომელიც ნამდვილად იდგა ევროპული ღირებულებების გზაზე და ნამდვილად ამკვიდრებდა ახალ სტანდარტებს. თქვენ გააუქმეთ უწყება, რომელმაც 2 წელში შეძლო საზოგადოების უპრეცედენტო ნდობის მოპოვება და თქვენ ყველამ ბოლო 3 დღის განმავლობაში თვალნათლივ დაინახეთ. დღეს თქვენ გააუქმეთ უწყება, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებზე გამოხატავდა პრინციპულ პოზიციებს, როდესაც ხედავდა, რომ ეს რეფორმები იყო ფასადური. დღეს თქვენ გადადგით ნაბიჯი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან, არაფერი აქვს საერთო რეფორმასთან და დღეს თქვენ გადაწყვიტეთ, სახლში გაუშვათ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი 3 მოადგილე, რომლებმაც, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, როგორც ჩანს, მოვახერხეთ დამოუკიდებელი უწყების შექმნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს ეს კანონი მიღებული არ იქნებოდა. [...] ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა, მე მინდა, მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და მე ვიტოვებ იმედს, რომ ის გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და დაადებს ვეტოს ამ ყველაზე არაევროპულ კანონს. მეგობრებო, ეს სამართლებრივი ბრძოლა აქ არ დასრულებულა

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი მესმე მოსმენით დაამტკიცა. 

პროექტს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი 7 დეპუტატი იყო. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ. კანონპროექტზე ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.  კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ დაჩქარებული განხილვა უნდა შეწყდეს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს დემოკრატიისთვის მაღალი რისკის შემცველია.

კომენტარები